ხვალ, 7 ივნისს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემია და FT International აწყობს პოეტური კრებულის „აღმოსავლეთის ხიბლის" პრეზენტაციას და სოფიკო ვარაზის ნამუშევრების გამოფენას.
„აღმოსავლეთის ხიბლი" სპარსული და ქართული შუა საუკუნეების პოეზიის კრებულია, გაფორმებული სოფიკო ვარაზის ილუსტრაციებითა და ირანელი ოსტატის ქურუშ ხორასანის კალიგრაფიით.
პროექტის ავტორია ინგლისელი ქალბატონი ედნა ფორტესკიუ / FT International, რომელიც ამავდროულად არის ტურისტული ჟურნალის THE GEORGIAN 2013 - ის რედაქტორი. www.thegeorgianonline.com
აკადემიის ინტერიერი საინტერესოა გვიანირანული არქიტექტურულ სტილში შესრულებული დარბაზებით, რომლებიც ამჟამად დაკეტილი და მოითხოვს რესტავრაციას. აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის აზრით, დარბაზები თბილისში მომუშავე ირანელი ოსტატების ხელით უნდა იყოს შესრულებული.
როგორც ედნა ფორტესკიუ აღნიშნავს, პროექტი „აღმოსავლეთის ხიბლი" კარგად ასახავს ქართული და აღმოსავლური კულტურის ურთიერთკავშირს და მომზადდა ამ ტრადიციის აღსანიშნავად. სოფიკო ვარაზმა ილუსტრაციები სპეციალურად ამ კრებულისათვის შექმნა. მხატვარი დიდი ხანია მუშაობს აღმოსავლურ-დასავლური ტრადიციების თემაზე. ორი წლის წინ, თბილისის ლიტერატურის მუზემის გალერეაში წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია "აბრეშუმის გზა", რითაც სოფიკო ვარაზი აღმოსავლურ-დასავლურ კონტექსტში ქართული კულტურის გააზრებას ცდილობდა.
სოფიკო ვარაზის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სამხატვრო აკადემიის დარბაზში გაგრძელდება 10 ივნისის ჩათვლით.
გამოფენა-პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიაში გამიმართება პარასკევს, 7 ივნისს, დასაწყისი 19:00 სთ. მისამართი: ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა 22.