13 ივლისიდან, საქართველოს კინო-თეატრებში რეჟისორ ირაკლი ჩხიკვაძის ფილმის „რა მოხდა კიევში" ჩვენება გაიმართება, რომლის წარმომდგენიც ქართული ავიაციის ფლაგმანი, ავიაკომპანია Georgian Airways-ია (აირზენა).
ზაზა კოშკაძისა და მიშა ბახსოლიანის სცენარით გადაღებულ ფილმში სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: ოთხი მეგობარი უიქენდის გასატარებლად გუდაურში წასვლას გადაწვეტს, თუმცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დროსტარება, უცნაურ და დაუვიწყარ თავგადასავლად შემოუტრიალდებათ. მეგობრები მეორე დღეს იღვიძებენ კიევში და ვერაფრით იხსენებენ რა მოხდა წინა ღამით. მათი ცხოვრება დანგრევის პირასაა, რადგან მათ დაკარგეს ბავშვობის მეგობარი და საქართველოს ნაკრების მეკარე - გიორგი ლორია, რომელსაც რამდენიმე საათში უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ეროვნულ ნაკრებში.
გიორგი ლორიას გარდა კომედიური ჟანრის ფილმში მონაწილეობენ მერაბ ჭიქაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, სანდრო გაბილაია, დიზაინერი ზალიკო ბერგერი და ასევე იულია ქავთარაძე, რომელიც ცნობილი უკრაინული ჯგუფის, "ნიკიტას" ექს-სოლისტია. გადაღებები, ძირითადად, უკრაინაში მიმდინარეობდა.