ფონდმა " ქართული გალობა"-მ კონცერტი „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური" დაანონსა. დღეს გამართულ შეხვედრაზე ფონდის საბჭოს წევრებმა ანზორ ერქომაიშვილმა და ლექსო თორაძემ თავად ფონდის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ფონდი "ქართული გალობა" ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურება. ფონდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. როგორც პრეზენტაციაზე ანზორ ერქომაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ფონდის მიზანია საქართველოში ხალხური შემოქმედების მხარდაჭერა, ტრადიციული სიმღერების აღდგენა და პოპულარიზაცია, კონცერტების და ფესტივალების გამართვა საქართველოში და უცხოეთში. მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოს რეგიონებში ტრადიციული მუსიკის აღორძინებისათვის ხელშეწეყობა"-განაცხადა ერქომაიშვილმა.
ფონდის ფარგლებში 11 ივნისს, რუსთაველის თეატრში კონცერტი „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური" გაიმართება. კონცერტში, რომელიც ფონდის პირველი ღონისძიებაა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები მიიღებენ მონაწილეობას. ფონდი „ქართული გალობა" ღვაწლმოსილ ადამიანებს საპატიო ჯილდოებსა და ფულად პრემიებს გადასცემს.
ფონდი ხელს შეუწყობს ტრადიციული მუსიკის შესწავლას, სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით და ნაშრომთა გამოცემას, კონფერენციების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების გამართვას. დიდი ყურადღება დაეთმობა ტრადიციული მუსიკის სწავლებას, ლოტბართა და რეგენტთა დასაქმებისათვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით სამრევლო სკოლებისა და გალობის ცენტრების შექმნას საზღვარგარეთის ქართულ ეკლესიებთან.
ფონდი "ქართული გალობა" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. მისი თანადგომით 2006 წელს დაფუძნდა საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ რეგენტებსა და ლოტბარებს ამზადებს. გაიხსნა სკოლები ოზურგეთსა და სტეფანწმინდაში, ტიხრული მინანქრის სახელოსნო სნოში, სამრევლო სკოლა ლონდონში, აიგო ტაძარი ოზურგეთში. ასევე დაფინანსდა არაერთი კონცერტი და ფესტივალი, გამოიცა არაერთი წიგნი და აუდიო პროდუქცია ტრადიციული მუსიკის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე.
ფონდის საბჭოს წევრები არიან ლექსო თორაძე და ანზორ ერქომაიშვილი,ფონდის საპატიოს პრეზიდენტი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II. ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ნანა გოთუა. ფონდის პროგრამების ხელმძღვანელები გიორგი დონაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი.