5 ივნისს , საქართველოს სახალხო და დამსახურებულ არტისტს, მინიატურების თეატრის დამაარსებელს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობსა და რეჟისორს- თენგიზ ჩანტლაძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა.
ჩანტლაძის მიერ მინიატურების თეატრში დადგმული სპექტაკლები მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მაგალითისათვის საკმარისია დავასახელოთ „ახალ ბინას გილოცავთ", „სიცრუის სიბრძნე", „პაემანი ხეზე ანუ ბესარიონის თავგადასავალი". ტელე-დადგმები: მხიარული რომანი „( პოლიციელი) 1972წ, „გამოაღეთ ფანჯრები" ( ლეუშა) 1981წ, „ ერთ პატარა ქალაქში" ( ვახტანგ მებუკე) 1985წ, „ ლუარსაბ თათქარიძე" ( ლუარსაბი) 1989წ.
განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩეოდნენ მის მიერ გამოძერწილი და განსახიერებული პერსონაჟები. საკმარისია გავიხსენოთ ლუარსაბ თათქარიძე და მილიციის უფროსი გვარამია . თენგიზ ჩანტლაძის მეგრული აქცენტითა და ინტონაციით ალაპარაკებული მილიციელი, მთელი თავისი იუმორითა და პაროდიული დამოკიდებულებით არამარტო იმ ეპოქის გამიოძახილი გახლდათ, არამედ ყველა დროში აქტუალური. ამიტომაც შეიყვარეს მილიციის უფროსი გვარამია და ამიტომაც არის პოპულარული მის მიერ წარმოთქმული ფრაზები.
შეგახსენებთ, რომ 1958 წელს თენგიზ ჩანტლაძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1957 წლიდან, მან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე კონფერანსიედ. 1960-61 წლებში ჩანტლაძე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1962 წლიდან კი მან ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ. 1975 წელს მისი ინიციატივით დასი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. თენგიზ ჩანტლაძისთვის დამახასიათებელი იყო გარდასახვის დიდი უნარი, გამომსახველობით საშუალებათა დიდი მრავალფეროვნება, შესანიშნავი სამსახიობო ტექნიკა, ლირიზმი და იუმორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ლუარსაბ თათქარიძე, ანატოლი ნოვოსელცევი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, ალფონსო, დონ ჟუანი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები