საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ფარგლებში 3- 7 ივნისს, თბილისის მე-7 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" გაიმართება, თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. 2013 წლის „ამირანი" კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება - მასში მონაწილეობას მიიღებს 36 ქვეყნის კინოსკოლა, ფესტივალს კი 25 უცხოელი სტუმარი ეყოლება 14 ქვეყნიდან, მათ შორის ისრაელიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალზე შემოსული 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ფილმიდან სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამისათვის 36 ქვეყნის 61 სტუდენტური ნამუშევარი შეირჩა. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმისთვის;
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმისთვის;
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური / ექსპერიმენტალური ფილმისთვის;
· ჟიურის სპეციალური პრიზი.
ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის, მონტაჟის, ოპერატორის ნამუშევრისათვის - იმ სპეციალობების მიხედვით, რაც ისწავლება მსოფლიოს კინოსკოლებში.
საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაც ყოველ წელს იცვლება. 2013 წლის ჟიური შემდეგი შემადგენლობით იქნება: კლაუდია მესსემერ - გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიის დოცენტი, სცენარისტი; ლესზეკ დავიდი - ახალგაზრდა პოპულარული პოლონელი რეჟისორი ლოძის კინოსკოლიდან; გიულენ ჰარლეი - თურქი კინოხელოვანი მარკეტინგის მიმართულებით; ირინა რომანჩენკო - უკრაინული კინოფესტივალის დამფუძნებელი. ჟიურის ყველა წევრი ჩაატარებს მასტერკლასს ან სამუშაო შეხვედრას სტუდენტებისთვის, რაც მათ პროფესიულ განვითარებას და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
გერმანული პროგრამის გამოკლებით, ფესტივალის პროგრამა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. საზეიმო გაიხსნაზე 3 ივნისს (20:00), ტრადიცია არ დაირღვევა და ნაჩვენები იქნება 1984 წელს გადაღებული სტუდენტური ფილმი ფილმი „მამა", რომლის რეჟისორიც გახლავთ ლევან ზაქარეიშვილი. ფესტივალის გახსნის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ქამელეონი".
გოეთეს ინსტიტუტი ფესტივალს 4 ივნისს უმასპინძლებს, გერმანული პროგრამა და წვეულება სწორად ამ ინსტიტუტის ღია სივრცეში გაიმართება.
5 ივნისს, 20:00 საათზე - ფესტივალის ფარგლებში ექსპერიმენტული საღამო შედგება. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები წარმოადგენენ პროექტს „მოდა და კინემატოგრაფი". ჩვენება - პერფორმანსში მომავალი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. ორი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის ერთგვარი შემოქმედებითი სინთეზი პროექტს ექსპერიმენტულ ხასიათს ანიჭებს. ჩვენებამდე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შეასრულებენ მსოფლიო ჰიტების „ქოვერებს", მათ შორის თიკა ჯამბურია, ეკა აბალაკი, სალომე ცუხიშვილი და თამარ მურადაშვილი.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით წელს მესამედ განხორციელდება პროექტი "ONE SHOT MOVIE", რომელიც ფილმის 1 უწყვეტი კადრით გადაღებას გულისხმობს. ეს პროექტი აერთიანებს ფესტივალის უცხოელ და ქართველ სტუდენტებს, რომლებიც კო-პროდუქციას ქმნიან სხვადასხვა თემაზე. უკვე მესამედ ამ პროექტში უცხოელი და ქართველი სტუდენტები კიდევ ერთხელ მოსინჯავენ ძალებს ერთობლივი ნაწარმოების შესაქმნელად.
2013 წლის გამარჯვებულები, ხუთ დღიანი ფესტივალის ბოლოს 7 ივნისს (20:00) გამოვლინდებიან.
ფესტივალის მხარდამჭერები - თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის სამხატვრო აკადემია, გოეთეს ინსტიტუტი, პოლონეთისა და ისრაელის საელჩოები საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორები - კონიაკი "სარაჯიშვილი", ყავა „პელე", "ნაბეღლავი",
მედია პარტნიორები - გაზეთები "24 საათი" და "GEORGIA TODAY", ჟურნალი „ფოკუსი", რადიო „ფორტუნა", საინფორმაციო სააგენტო „GHN" , ტელეკომპანიები "Music Box" და "რუსთავი2".
ფესტივალის ისტორია: ფესტივალი "ამირანი" 1978 წელს დაარსდა კინო კავშირისა და "თეატრალური ინსტიტუტის" თაოსნობით, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებების ხელშეწყობითა და ინიციატივით, როგორებიც არიან: გოდერძი ჩოხელი, ტატო კოტეტიშვილი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, გურამ პეტრიაშვილი, ანდრო ჭიაურელი, დათო ჯანელიძე, შაქრო ჯორჯაძე სხვა.
ფესტივალმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა არსებობის მანძილზე, რადგან იგი დაარსებისთანავე საბჭოთა კავშირის" ყველაზე თავისუფალ ფესტივალად იყო მიჩნეული. "საბჭოთა კავშირის" დაშლასთან ერთად, 1990 წელს კინოფესტივალმა შეწყვიტა ფუნქციონირება. დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ, 2007 წელს აღდგა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით, რის შემდეგაც ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღო. დღესდღეობით ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა.