3-7 ივნისს თბილისში მე-7 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" გაიმართება. ფესტივალი თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იმართება. 5 დღიან ფესტივალს ტრადიციისამებრ მისი დამფუძნებელი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუწევს ორგანიზებას.
ფესტივალის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მთავარი საკონკურსო კინოჩვენება გაიმართება. 2013 წლის იანვარში, ფესტივალის დაანონსებიდან 2 თვის განმავლობაში, მიღებული იყო 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ფილმი. სელექციის შედეგად წელს 36 ქვეყნის 61 სტუდენტური ნამუშევარი შეირჩა საკონკურსო პროგრამისათვის. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმისთვის;
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმისთვის;
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური / ექსპერიმენტალური ფილმისთვის;
· ჟიურის სპეციალური პრიზი.
ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის, მონტაჟის, ოპერატორის ნამუშევრისათვის - იმ სპეციალობების მიხედვით, რაც ისწავლება მსოფლიოს კინოსკოლებში.
საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორის ჟიური, რომლის შემადგენლობაც ყოველ წელს იცვლება. 2013 წლის ჟიური შემდეგი შემადგენლობით იქნება: კლაუდია მესსემერ - გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიის დოცენტი, სნეცარისტი; ლესზეკ დავიდი - ახალგაზრდა პოპულარული პოლონელი რეჟისორი ლოძის კინოსკოლიდან; გიულენ ჰარლეი - თურქი კინოხელოვანი მარკეტინგის მიმართულებით; ირინა რომანჩენკო - უკრაინული კინოფესტივალის დამფუძნებელი და გიორგი გვახარია - კინომცოდნე. ჟიურის ყველა წევრი ჩაატარებს მასტერკლასს ან სამუშაო შეხვედრას სტუდენტებისთვის, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 3 ივნისს (20:00), თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტში. ტრადიცია გრძელდება და ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნება 1984 წელს ლევან ზაქარეიშვილის მიერ გადაღებული ფილმი „მამა".
გოეთეს ინსტიტუტი ფესტივალს 4 ივნისს უმასპინძლებს, გერმანული პროგრამა და წვეულება სწორად ამ ინსტიტუტის ღია სივრცეში გაიმართება.
5 ივნისს, 20:00 საათზე - ფესტივალის ფარგლებში ექსპერიმენტული საღამო გაიმართება. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები წარმოადგენენ პროექტს „მოდა და კინემატოგრაფი". ჩვენება უჩვეულო ფორმით გაიმართება და მასში მომავალი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის ექსპერიმენტულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ორი სახელოვნები უმაღლესი სასწავლებლის ერთგვარ შემოქმედებით სინთეზს წარმოადგენს.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით წელს მესამედ განხორციელდება პროექტი "ONE SHOT MOVIE", რომელიც ფილმის 1 უწყვეტი კადრით გადაღებას გულისხმობს. ეს პროექტი აერთიანებს ფესტივალის უცხოელ და ქართველ სტუდენტებს, რომლებიც კო-პროდუქცია ქმნიან სხვა და სხვა თემაზე. უკვე მესამედ ამ პროექტში უცხოელი და ქართველი სტუდენტები, კიდევ ერთხელ მოსინჯავენ ძალებს ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად.
2013 წლის გამარჯვებულები ხუთ დღიანი ფესტივალის ბოლოს, 7 ივნისს (20:00) გამოვლინდებიან.
ფესტივალის მხარდამჭერები - თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, პოლონეთისა და ისრაელის საელჩოები საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორები - კონიაკი "სარაჯიშვილი", ყავა „პელე", "ნაბეღლავი".
მედია პარტნიორები - გაზეთები "24 საათი" და "GEORGIA TODAY", ჟურნალი "Focus", რადიოები "უცნობი" და "რადიოქალაქი", საინფორმაციო სააგენტო "GHN", ტელეკომპანიები "Music Box" და "რუსთავი 2".
ფესტივალის ისტორია:
ფესტივალი "ამირანი" 1978 წელს დაარსდა კინო კავშირისა და "თეატრალური ინსტიტუტის" თაოსნობით, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებების ხელშეწყობითა და ინიციატივით, როგორებიც არიან: გოდერძი ჩოხელი, ტატო კოტეტიშვილი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, გურამ პეტრიაშვილი, ანდრო ჭიაურელი, დათო ჯანელიძე, შაქრო ჯორჯაძე სხვა.
ფესტივალმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა არსებობის მანძილზე, რადგან იგი დაარსებისთანავე საბჭოთა კავშირის" ყველაზე თავისუფალ ფესტივალად იყო მიჩნეული. "საბჭოთა კავშირის" დაშლასთან ერთად, 1990 წელს კინოფესტივალმა შეწყვიტა ფუნქციონირება. დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ, 2007 წელს აღდგა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით, რის შემდეგაც ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღო. დღესდღეობით ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა.