საქართველოდან საზღვარგარეთის ქვყენებში გასული მოქალაქეების რაოდენობა ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. ეს განცხადება დღეს პარლამენტში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის, საგარეო ურთიერთობათა და განათლების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა დიასპორას საკითხებში პაპუნა დავითაიამ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ნიკა ლალიაშვილი დაინტერესდა რა მდგომარეობაა მოქალაქეთა უცხოეთში გასვლის თვალსაზრისით და ხდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული საკითხის ნაალიზი.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გადინება ძირითადად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 90-იან წლებში მოხდა. ვარდების რევოლუცის შემდეგ კი მათი რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება.
"არაოფიციალური მონაცემებით, უცხოეთში მცხოვრები ჩვენს თანამემამულეთა რაოდენობა 1 600 000. ოფიციალური მონაცემებით კი 1 008 207-ს აღწევს. ამ მონაცემებში არ შედის თურქეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ისტორიული დიასპორები", - განაცხადა პაპუნა დავითაიამ.