პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მდებარე ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ქალაქ მირანშაჰთან მდებარე სოფელ ჩაშმაში უპილოტო მფრინავის მიერ განხორცილებული იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი პაკისტანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული შემთხვევა პირველია მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. 2011 წლის აგვისტოში უპილოტო მოწყობილობის შეტევის დროს, ასევე ქალაქ მირანშაჰთან ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაღუპულები შეიარაღებული დაჯგუფება „ჰაკანის" წევრები იყვნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს უპილოტოების გამოყენების გამო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებენ. ამის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სტუდენტებთან შეხვედრისას, უპილოტოების თემას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და განაცხადა, რომ უთანაგრძნობს იერიშების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას. ბარაკ ობამამ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ უპილოტოების გამოყენება მინიმუმამდე შემცირდება 2014 წლის ბოლომდე.