ENG / RUS       12+

თავისუფლების დროის კულტურული ნაშთები

მხოლოდ შეხსენებაც საკმარისია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის სასიცოცხლოდ აუცილებელი კულტურული ნიშნები გავიაზროთ. პირველ რიგში ეს უნივერსიტეტის დაარსება იყო. ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა; ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე. მანამდე თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება შეიქმნა, რომელსaც დიდი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა სათავეში. უნივერსიტეტის დაარსებამ ნოყიერი ნიადაგი მოამზადა დამოუკიდებელი რესპუბლიკის კულტურული და სულიერი ცხოვრებისათვის.

დღევანდელი გადასახედიდან, დამოუკიდებლობის წლების ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ფაქტებისა და არტეფაქტების ნაკვალევმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ერის ცხოვრებაში.

სწორედ იმპერიოდში (1915-1920 წლები), ქართულ ლიტერატურას ერთბაშად აფორიაქებს და აცოცხლებს "ცისფერყანწელთა" გაერთიანება, რომელიც ახალგაზრდა მწერლებმა და პოეტებმა ქუთაისში დაარსეს. 1918 წლიდან კი ისინი თბილისში აგრძელებენ რევოლუციურ მოღვაწეობას. დიდი ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანაში, ეს გამოწვევასაც ნიშნავდა და ამბოხსაც, რომელსაც ცხადია, მოწინააღმდეგეები ბლომად ყავდა. ლიტერატურულმა გაერთიანებამ სახელწოდება თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან "ცისფერი ყანწებისგან" მიიღო. მას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო.
სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც სწორედ ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა.

"ცისფერყანწელებს" თავიანთი გამოცემები - "მეოცნებე ნიამორები", "შვილდოსანი", "ბარიკადი", "ბახტრიონი", ჰქონდათ. თავიანთ დეკლარაციებში ცისფერყანწელები სიმბოლიზმის მიმდევრებად აცხადებდნენ თავს, ბოჰემური არტისტიზმი კი მათი ცხოვრების, შემოქმედების სტილად იქცა. ხმაურიანმა წარმატებამ, ეპატაჟმა და "წმინდა ხელოვნებისა" თუ ლიტერატურული არტისტიზმისადმი სწრაფვამ, ჯგუფს ერთგვარი სკანდალური სახელი დაუმკვიდრა, თუმცა არც "ცისფერყანწელთა" მხატვრული ღირსებანი დარჩენილა შეუმჩნეველი. ჯგუფი სრულიად უჩვეულო მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში.

მიმდინარეობის წევრები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე და ა.შ.

არანაკლებ საინტერესოა ფაქტები მუსიკალური ცხოვრებიდან: თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე წარმოადგინეს პირველი ქართული ოპერა - ვალერიან გოგნიაშვილის „ქრისტინე". ეს ისტორული ფაქტი 1918 წლის 17ივნისს მოხდა, თუმცა ამ ოპერის მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა და დაიდგა. საოპერო ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები - 5 თებერვალს დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე", 21 თებერვალს - ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", 11 დეკემბერს - ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე".

ალბათ, ქართული მუსიკის ისტორიაში ეს ყველაზე ნაყოფიერი და აღმავლობით გამორჩეული პერიოდია. მართალია, ოპერა "ქრისტინეს" დიდი წარმატება არ მოჰყოლია არცთუ მაღალი მხატვრული ხარისხის გამო, მაგრამ ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე" და განსაკუთრებით "აბესალომ და ეთერი" შესრულებისთანავე პოპულარული გახდა. იმდენად, რომ არიებს ახალგაზრდები სპექტაკლების დასრულების შემდეგ ოპერის ბაღში მღეროდნენ.
აღსანიშნავია, რომ "აბესალომ და ეთერის" დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქართული ვიკალური სკოლის წარმატება, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ვანო სარაჯიშვილია.

კინემატოგრაფიის, როგორც ხელოვნების ჩამოყალიბების პროცესი, ძირითადად 1918-1926 წლებში მიმდინარეობდა.თუმცა ამ დროს მაყურებელს უკვე ნანახი ჰქონდა ვასილ ამაშუკელის ბრწყინვალე დოკუმენტური ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". კინო, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დამოუკიდებელი და თვითმყოფადი დარგი, საქართველოში სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა.

პირველი მხატვრული ფილმი "ქრისტინე" პროფესიონალმა თეატრალურმა რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, 1917-1918 წელს გადაიღო. თავადვე დაწერა სცენარი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის "ქრისტინეს" მიხედვით. ფილმი თავდაპირველად ხუთი ნაწილისგან შედგებოდა, თუმცა ამჟამდ შემორჩენილია მხოლოდ სამი ნაწილი, რომელიც კინოდრამატურგმა და კრიტიკოსმა კარლო გოგოძემ აღადგინა.. ცხადია, რომ ეს მხოლოდ დამოუკიდებლობის წლების კულტურული ანარკლებია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტებადაღიქმება.

P.S. სამწუხაროდ, დიდი ისტორიული ქარტეხელების ფონზე დამოუკიდებლობის ეს სამი წელი მოკლევადიან, კულტურული სიახლეებით აღვსილ თერაპიას ჰგავდა. რის შემდეგაც ჩვენ საკუთარი სახიჩრობის, დამახინჯებული ორეულის ცქერით ტკბობა განვაგრძეთ; ეს კომუფლაჟია იმ ცნობიერებისა, რომელმაც სამოცდაათი წელი მშვიდად ატარა და აიტანა საბჭოთა რეჟიმი. სამწუხაროა ისიც, რომ ეს ცნობიერება არა მარტო სიცრუეს შეეგუა, არამედ თავადაც დათანხმდა "სახიჩარის" ბედსა და არსებობას.

ისიც უნდა ითქვას, რომ უნდა საბჭოთა ქართულმა კულტურამ არაჩვეულებრივი მოქნილობით შვძლო მითოლოგიური და პოეტური ქიმერებისათვის შეეეფარებინა თავი და ისევ იგავურო ფორმით ეძია შური თავსმოხვეულ საბჭოთა სინამდვილეზე. კულტურა რეალობის დუბლირებას ჰგავდა: ის იბრძოდა არა იმიტომ, რომ საზოგადოება უფრო თავისუფალი გაეხადა, რამედ იმიტომ, რომ თავისუფლება მოჩვენების, ქიმერების შესაფერისი გაეხადა... მაგრამ "აბესალომ და ეთერის" პოლიფონიისგან განსხვავებით, მრავალწლიანი "პოლიტიკური ოპერა" გაცილებით ძნელი დასაძლევი და "მოსასმენი" აღმოჩნდა, რომლის გასაცნობიერებლად აუცილებელია თავისუფლების დროის კულტურული ფასეულობები მუდმივად გვახსოვდეს და ვიხსენებდეთ!

"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ბუხრიკიძე

 

ავტორი: . .