ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან შეხვდა მომღერალი სოფო ნიჟარაძეც. როგორც მომღერალმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ის ამაყია, რომ სწორედ მსოფლიოს ცხელ წერტილში, ქართველი პატრიორტებისთვის მან საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
„მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გავატარე სამშობლოსთვის თავდადებულ ჯარისკაცებთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ავღანეთში, ვარ ამაყი, რომ მხვდა წილად ბედნიერება შემესრულებინა საქართველოს ეროვნული ჰიმნი სამშობლოსთვის თავგანწირული პატრიოტების წინაშე, რომლებიც ხშირად თავიანთი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან საქართველოს და სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც შეუპოვრად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის! გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთი იყოს თითოეული თქვენთაგანის და სრულიად საქართველოს მფარველი"-წერს სოფო ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკაში ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებლობის დღეს მიხეილ სააკაშვილი ბაზა ლეზერნიკზე მე-3 ბრიგადის 33-ე ბატალიონისა და მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა მათთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი; უმაღლესმა მთავარსარდალმა ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა იმ ჯარისკაცების გახსენებით დაიწყო, რომლებიც ავღანეთში სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველას მამაცობისთვის, შემართებისა და თავდადებისთვის.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ესწრებოდნენ