რესპოდენტის შესახებ
_ ბ-ნო ლევან, ხელისუფლება გვაიმედებს, რომ ყველაფერი კარგადაა და სხვადასხვა რეიტინგებითა და ეკონომიკური პროგნოზებით საზოგადოებას აიმედებს. რა აძლევს მათ მშვიდად ყოფნის საფუძველს?
_ დღეს კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს, რასაც არცთუ ისე იშვიათად ვისმენთ ახალი ხელისუფლების ოპონენტებისგან. მაგრამ არის ერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანი ტენდენცია. ეს ტენდენციაა კლებადი და ეს არის შემაშფოთებელი, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე, რაც კიდევ უფრო ზრდის შეშფოთების საფუძველს, ის, რომ ხელისუფლება ამ ტენდენციას ძალიან მშვიდად უყურებს. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და რაიმე კონკრეტული ხედვის ჩამოყალიბება ამ თვალსაზრისით არ ხდება. მხოლოდ შიდა პროდუქტის მაჩვენებელი რომ იყოს შემცირებული, მაშინ ხელისუფლების არხეინად ყოფნა, შესაძლოა, გარკვეულწილად, გამართლებული იყოს, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, შემცირებულია დამატებითი ღირებულების ბრუნვა, რომლის შემცირება პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა შეფერხებულია. ეს შეფერხება და მისი მიზეზები, შეგვიძლია, რამდენიმე კომპონენტად ჩამოვაყალიბოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესს რა მოტივაცია გააჩნია, რატომ არ აქტიურობს ბიზნესი.
_ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და მართლაც საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც გაცხადდა, რომ ბიზნესი განთავისუფლდა, რას ელოდება ბიზნესი.
_ მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა განცხადებები, ბიზნესს არავინ შეეხება და აღარ დაატერორებენ, ბიზნესისთვის სტაბილური ბიზნესგარემო ვერ ჩამოყალიბდა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია პროგნოზირებადი ბიზნესგარემო. შესაბამისად, ბიზნესი გარკვეული მოლოდინის რეჟიმშია და ამ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან დიდხანს მოუწია.
_ თუ ბიზნესი აქტივობას ახერხებდა წინა ხელისუფლების დროს, ანუ იმ პირობებში, როდესაც ბიზნესის დატერორების არაერთი ფაქტი არსებობდა, დღეს, როცა თავს არავინ ესხმის, რას ელოდება ასეთს, სხვა პრობლემა ხომ არ არის?
_ გარკვეული მოლოდინები მქონდა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბიზნესისადმი გასული მესიჯები ძალიან სწორი და შედეგზე ორიენტირებული იქნებოდა, ანუ ხელისუფლება სწორ კომუნიკაციას ააწყობდა ბიზნესთან, და ბიზნესი ძალიან მალე გამოცოცხლდებოდა და დაიწყებდა პროგრესზე ზრუნვას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადი ბიზნესგარემო. ხელისუფლებამ ამ თვალსაზრისით ბიზნესს ვერ მიაწოდა სწორი მესიჯები. შესაბამისად, ვერც იმედი გაუჩინა. ბიზნესი გადასულია პასიურ რეჟიმში, საინვესტიციო საქმიანობა არის შეფერხებული. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. რასაკვირველია, უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის მიერ კაპიტალიზაციის მაღალი ტემპი. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ბიზნესი პასიურობს იმიტომ, რომ იყო გარკვეული შეპირებები, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირებებად დარჩა.
არც იმ ილუზიით ვარ, რომ ყველაფერი ერთბაშად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო და რაღაც ბიზნესოაზისად ჩამოყალიბებულიყო სამ თვეში სახელმწიფო. რა თქმა უნდა, არა. ჩასაფრებულის პოზიციიდან ნამდვილად არ ვარ, ვგულშემატკივრობ იმ ეკონომიკურ გუნდს, რომელიც არის ქვეყანაში იმიტომ, რომ, თუ სწორ პოლიტიკას გაატარებენ, თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე ეს დადებითად აისახება. იმედი მქონდა, რომ სწორი სტრატეგია შემუშავდებოდა, დაიწყებოდა გარკვეული პროცესები. სამწუხაროდ, პროცესი არ დაიწყო, სტრატეგიული განვითარების გეგმაც კი ვერ ვიხილეთ, ვერც ერთი კუთხით.
_ არის მოსაზრება, რომ ხელისუფლება და ბიზნესიც საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება...
_ ხელისუფლებას არავინ უშლის, რომ საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანოს და ბიზნესზე ორიენტირებული გახადოს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ამ ხელისუფლების მიზანი. როცა ცვლი შრომის კოდექსს და წმინდა მემარცხენე ტიპის დოქტრინა შემოგაქვს, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკისგან, როდესაც არ შეგაქვს ცვლილებები საგადასახადო ტვირთის ლიბერალიზაციის კუთხით, როცა ქმნი სახელმწიფო საწარმოებს... მაგალითად, სოფლის მეურნეობაში შპს `მექანიზატორი~, რომელიც გახდა გარკვეული განტევების ვაცი არასწორი პოლიტიკის განხორციელებისა, არის სახელმწიფო საწარმო. როცა კლავ სადაზღვევო კომპანიებზე იღებ ორიენტაციას და არ ქმნი სახელმწიფო დაზღვევის ფონდს, რომელმაც უნდა განახორციელოს სადაზღვევო პროგრამები, როდესაც ამბობ, რომ გადაზიდვები მთლიანად სახელმწიფოს მმართველობაში უნდა გადავიდეს, ეჭვი მიჩნდება, რომ ამ ხელისუფლების პრიორიტეტები ბიზნესი აღარ არის.
ამ ხელისუფლების პრიორიტეტებია გარკვეული სახელმწიფო მონოპოლისტური საწარმოების, გარკვეული კომფორტული და შემოსავლიანი ოაზისების შექმნა, რომლითაც ისარგებლებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და გარკვეული ჯგუფები. მაპატიეთ, მაგრამ, ის, რაც დღემდე გაკეთდა, მე არ მაძლევს საშუალებას, ვილაპარაკო, რომ ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა ბიზნესზე ორიენტირებულია.
_ როცა ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი წარმატებული ბიზნესმენია, იქნებ მას აქვს, რაიმე განსხვავებული სტრატეგია და სწორედ აქ არის საიდუმლო?
_ მაგაზე შემიძლია გედავოთ. მე ტერმინ `ბიზნესმენს~ ვგულისხმობ. გეთანხმებით, რომ ქვეყნის პრემიერი ბიზნესმენია, რომელმაც ძალიან კარგად იცის ბიზნესის ანატომია, ძალიან კარგად იცის, რაც უნდა ახლდეს ბიზნესის განვითარებას, მაგრამ გაუგებარია, რატომ არის ასე მარცხნივ ორიენტირებული.
თქვენს შეკითხვაზე პასუხი არის ის, რომ ის ბიზნესმენი არ არის... ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენი არასდროს ყოფილა, ბიძინა ივანიშვილი იყო ყოველთვის ოლიგარქი, სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული პირი, მისი ფინანსური და ბიზნესწარმატება განპირობებული იყო არა იმით, რომ ის იყო თავისუფალი ბაზრის მოთამაშე, იბრძოდა კონკურენტულ ზონაში და საკუთარ ბიზნესმოწინააღმდეგეებთან იმარჯვებდა და ამით აგროვებდა ქონებას, არა. მან თავისი ქონება დააგროვა ოლიგარქიულ-კლანურ სახელმწიფო სტრუქტურებთან დაახლოებულ ბიზნესგარემოში მანიპულირებით და სწორედ ეს, რომ დღეს ქვეყანაში ორიენტირი სწორედ სახელმწიფო საწარმოების გარკვეული მონოპოლისტური სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნაზეა ორიენტირებული, მეტყველებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენობა. ის ამ პირობებშია მიჩვეული მუშაობას. ის არ არის მიჩვეული მუშაობას თავისუფალ ბაზარზე, მან არ იცის თავისუფალი, კონკურენტული ბაზრის პირობებში როგორ იშოვოს ფული, ის ფულს შოულობდა კრემლთან დაახლოებული ბიზნესჯგუფებისგან და მისი კრემლთან სიახლოვე იყო მისი ფინანსური წარმატების მიზეზი. შესაბამისად, ის ცდილობს, ეს მოდელი ჩამოაყალიბოს და შექმნას არა თავისუფალი ბაზარი, არამედ სახელმწიფო საწარმოები, სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო კაპიტალიზმი, განმაპირობებელი მისი პოლიტიკის წარმატებისა. მას ასეთი ხედვები აქვს და მისგან არც მიკვირს.
_ გამოდის, რომ პრობლემა პრემიერშია?
_ გარკვეული პრობლემა გვაქვს მენეჯმენტში, პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, არასრულფასოვან სამუშაოს ვახორციელებთ. ის, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამაში ვერ მოხვდნენ სოფლები, დაგვიანდა ბარათების დარიგება, სწორედ ამის ბრალია.
ხელისუფლებას აქვს გარკვეული კეთილშობილური მიზნები, მაგრამ არ უნდა დავუშვათ შეცდომები. ამ თვალსაზრისით ყველა სამინისტროს აქვს პრობლემა და მთლიანად, ახალ მთავრობას აქვს პრობლემა, დაგეგმვის პრობლემას უკავშირდება სოციალური პროექტები. მაგალითად, 1-ელ ივლისს იწყება საყოველთაო ჯანდაცვის მეორე კომპონენტი, რომელიც, როგორც ხელისუფლება გვპირდება, მეტ-ნაკლებად სრულყოფილ სამედიცინო სერვისებს მიაწოდებს მოქალაქეებს. დღემდე ვერ გავიგეთ, როგორია ეს პროგრამა თავისი შინაარსით, რა ბიუჯეტია გამოყოფილი და თითოეულ ბენეფიციარზე რა თანხაა გათვალისწინებული, რამდენად საკმარისია ეს თანხა ბიუჯეტში იმისთვის, რომ ეს პროგრამა სრულფასოვნად განხორციელდეს. რა რისკ-ფაქტორები შეიძლება ახლდეს ამ პროგრამას. ანუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და იქმნება ისეთი წარმოდგენა, რომ მუშაობს ძალიან ნელი ტემპით და ეს ტემპები ჩამორჩება პროგრამის განხორციელების ტემპს.
მეორე საკითხია, ბიზნესთან მიმართებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ხელისუფლება და პრემიერი იძახის, რომ ბიზნესი უნდა გახდეს ლოკომოტივი ეკონომიკური წინსვლის. ამის პარალელურად, ჩვენ ვიგებთ, რომ შრომის კოდექსი, ბიზნესისთვის წინააღმდეგობების, ბარიერების, სირთულეების შექმნაზეა ორიენტირებული. მიუხედავად დაპირებებისა, რომ საგადასახადო კოდექსი ორიენტირებული გახდებოდა მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხელისუფლებამ 7 თვის განმავლობაში რეალურად ვერაფერი შეცვალა. მაპატიეთ, მაგრამ 7 თვე სრულიად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოგვედგინა სამთავრობო ხედვები და ეს გამხდარიყო ბიზნესისთვის პოზიტიური მოლოდინების გაჩენის საფუძველი.
_ შეცდომებს ყველა ხელისუფლება უშვებს და ვერც ახალი ხელისუფლება იქნება გამონაკლისი. იმ ფონზე, რა მდგომარეობაც გვაქვს, თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?
_ მე მინდა, რომ ქვეყანაში იყოს წარმატებული მთავრობა, მთავრობები შეცდომებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უშვებენ, მაგრამ მე არ მინდა, რომ კარდინალური შეცდომები იყოს დაშვებული. პროგნოზი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. სახელმწიფო კაპიტალიზმი დაინგრა ყველგან. ვშიშობ, რომ, თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, ეს იქნება, უპირველეს ყოვლისა, უმუშევრობის ზრდის საფუძველი, ეს იქნება იმის საფუძველი, რომ არც ერთი ინვესტორი საქართველოსკენ არ გამოიხედავს, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ხვალ-ზეგ, ჩვენ პრობლემები შეგვექმნება სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები დამოკიდებულია პირდაპირ ბიზნესაქტივობაზე, ინვესტიციების განხორციელებაზე, კაპიტალიზმის მაჩვენებელი რა დონეზეა...
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თემურ ჭუმბურიძე