"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი თეა თუთბერიძე ტელეკომპანია "იმედს" უჩივის და აცხადებს, რომ გადაცემა "სიმართლის დრო", რომელშიც ის მონაწილეობდა, ტელეეთერში არასრული და დამახინჯებული ფორმით გადაიცა.
"სიმართლის დრო", რომელშიც მონაწილეობა კონკრეტული მიზნის გამო მივიღე, მნიშვნელოვანდ იქნა დამახინჯებული საპატრიარქოსა და ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში პროფესია ჟურნალისტი და ზოგადად, მედია საშუალებები, მძლავრ ზეწოლას განიცდიან რელიგიური ფუნდამენტალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან... გადაცემაში მე მომიწია ვრცლად მესაუბრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შესახებ და აღმენიშნა რომ "კგბ"-ს აგენტი, ჩემი სულიერი მოძღვარი ვერასდროს იქნებოდა, რადგან მთელი მისი საქმიანობა არის აბსოლუტური წინააღმდეგობაში მისივე წინამობრედი უწმინდესი პატრიარქების, ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილისა. ეს და მსგავსი კომენტარები ჩემი მხრიდან პასუხი იყო წამყვანის კითხვებზე, რომელიც თავად იჩენდა ინიციატივას ესაუბრა მისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე. როგორც ჩანს, ამ გადაცემის სრული სახით გაშვება ხელისუფლებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ დისკომფორტს, რადგან ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო აამოქმედებდა იმ ბერკეტს, რისიც ხელისუფლებას ძალიან ეშინია, მით უფრო მოახლოვებული არჩევნების ფონზე", - ნათქვამია თუთბერიძის განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი მოითხოვს "დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა", წინააღმდეგ შემთხვევაში კი, "იმედს" სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
"მოვითხოვ დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები სასამართლოს მივმართო და ამ გზით მოვითხოვო ტელეკომპანია "იმედის" დავალდებულება ხელახლა გაუშვას გადაცემის სრული ჩანაწერი", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულის გარდა, მასში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმინდა სინოდი ისევ გაქილიკებულია და მართლმადიდებლური ეკლესია მედიის ცენზორად არის მოხსნიებული.
"ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იძულებულია ხარკი უხადოს ეკლესიას, რომელიც უკვე მედიის ერთ-ერთი ცენზორი გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.