ერაყში, ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰილაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციას ფრანს პრესი ავრცელებს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ადამიანს მიაღწია.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ მეჩეთში მოხდა, რასაც მალევე მოჰყვა თვითმკვლელი ტერორისტის შეტევა შორი-ახლოს მდებარე კიდევ ერთ მეჩეთზე. საერთო ჯამში დაიღუპა 13 და დაშავდა 70 ადამიანი.
რამდენიმე საათით ადრე, ერაყში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 ადამიანს მიაღწია. სააგენტო „ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, ბომბები ავტომობილებში იყო ჩამონტაჟებული. ჯერ ჯერობით აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყში მოხდარი აფეთქებების შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები