დღეს, 21 მაისს, სოფიკო ჭიაურელს დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდებოდა. სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.
ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები, მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმით, ხასიათითა და სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, განსაკუთრებული შტრიხებითა და დეტალებით.
ჭიაურელის 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში მსახიობის მიერ შესრულებული ფილმებიდან, სპექტაკლებიდან და პირადი ცხოვრებიდან 76 ფოტო იქნება გამოფენილი. დაგეგმილია მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შესრულებული გორელიეფის გახსნა. ასევე მოხდება ალბომის პრეზენტაცია და წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი "სოფიკო".ღონისძიებაში ნიკოლოზ რაჭველი და ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.