2013 წლის 21 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ცნობილი მოცეკვავე-მსახიობის, ჟურნალისტის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრის თენგიზ უთმელიძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
თენგის უთმელიძე 1957 წელს, მოსკოვის სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-6 ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავედ. თენგიზ უთმელიძე „სუხიშვილებში" ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან სოლისტად და პროფესიონალ მოცეკვავედ. გამორჩეულია მისი სოლო პარტიები ცეკვებში: „ხევსურული სუიტა", „ხორუმი", „ჯეირანი", „წყაროსთან", „დავლური", „ხონგა", „ლელო" ... განსაკუთრებული აღიარება და პოპულარობა მოუტანა ცეკვა „ქართულმა", რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდა ლეგენდარულ ნინო რამიშვილთან ერთად. თენგიზ უთმელიძის ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, შესრულების მაღალი კულტურით, სცენური გარდასახვის უნარით, კეთილშობილებითა და ტემპერამენტით.
თენგიზ უთმელიძემ „სუხიშვილებში" ჩვიდმეტწლიანი მოღვაწეობისას დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა. მან შესანიშნავად შეუხამა ერთმანეთს ინჟინრისა და ჟურნალისტის პროფესია. მის მიერ უცხოეთიდან ოპერატიულად გამოგზავნილ წერილებსა და ფოტორეპორტაჟებში აისახა ანსამბლის ტრიუმფალური გამოსვლები საზღვარგარეთ. თენგიზ უთმელიძემ შექმნა „სუხიშვილების" შემოქმედებითი მოღვაწეობის უნიკალური ფოტომატეანე, რომელიც წარმატებით გამოიფინა საქართველოს მრავალ ქალაქში, მათ შორის 2011 წელს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში. გადაიღო დოკუმენტური ფილმები 1970 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „სუხიშვილების" ტრიუმფალური გასტროლების შესახებ. ქართული კულტურის თემაზე დაწერა და გამოქვეყნა 200-ზე მეტი წერილი, სტატია, ნარკვევი, ნოველა და სხვ... გადაღებულია ქართულ მხატვრულ ფილმში „ეთერის სიმღერა". 1967 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
თენგის უთმელიძის საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ: „სუხიშვილები", „ერისიონი", „რუსთავი", ბიჭუნათა გუნდი „საგალობელი" „ალილო", „ლაშარი", „კელაპტარი", „თეატრალური კვარტეტი"; ფრიდონ სულაბერიძე, ლელა თათარაიძე, რევაზ ბერაძე, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, დათო არჩვაძე.
საღამოს ორგანიზატორი: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
საღამოს მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მერია
საინფორმაციო მხარდაჭერა: ფოლკრადიო დასაწყისი - 19:30 საათზე
მასალის გამოყენების პირობები