21 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მხატვარ ოლესია თავაძის გამოფენა "ოლესია თავაძის სამყარო" და საგანმანათლებლო პროგრამა "საბავშვო წიგნის ილუსტრაცია" გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვარ ოლესია თავაძის ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და მისი პირადი კოლექცია-ხელნაკეთი თოჯინები, მინიატურული ნივთები, ეროვნული სამოსი, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები. გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო პროექტი "საბავშვო წიგნის ილუსტრაცია".
პროექტი გულისხმობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის კონკრეტული ამბის შეთავაზებას და მის დასურათებას მას შემდეგ, რაც მონაწილეებს განუმარტავენ საბავშვო წიგნის ილუსტრაციის სპეციფიკას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 29 მაისამდე გაგრძელდება.