17 მაისს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი მოქანდაკეების შოთა და ნიკოლო მელივების გამოფენას უმასპინძლებს. დამთვალიერებელს მელივების მიერ წარმოდგენილი ექსპოზიციის სახით გამოხატვის ფორმითაც და შინაარსითაც გამორჩეული და საინტერესო სამყარო ელოდება.
ნიკოლო მელივა ქანდაკებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. მისი პირველი ნამუშევრები პირველ შთაბეჭდილებებს უკავშირდება. ისინი ზღაპრების პერსონაჟები იყვნენ. ყველაზე მეტად ნაცარქექია დაამახსოვრდა.
ნიკოლო მელივამ 2001-2007 წლებში სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით დაამთავრა. მას შემდეგ არაერთ ჯგუფურ გამოფენასა თუ კონკურსში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ნიკოლო მელივას ქანდაკებაში ("სიო", "ქარი", "უსაზღვრო", "ადაპტაცია") შთამბეჭდავია სიჩქარისა და ყველა მიმართულებით მოძრაობის გამოხატვის ფორმები.
ქანდაკებით დაინტერესება შემთხვევითი არ არის. ეს ნიჭი ნიკოლოს მამისგან გამოყვა. შოთა მელივა (სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით 1983 წელს დაამთავრა) უკვე წლებია, ამ საქმეს წარმატებით ემსახურება. მისი ადრეული პერიოდის ნამუშევრები რუსთავის რამდენიმე სკვერს ამშვენებს. ბოლო პერიოდის შემოქმედება, ძირითადად რელიეფი, გამორჩეულია როგორც შინაარსით, ისე შესრულების ტექნიკითა და მასალით. ავტორმა პოლიესტერისა და მინა-ბოჭკოსგან დიდი ადამიანების პორტრეტებისა და მითოლოგიური და რელიგიური სიუჟეტების შთამბეჭდავი რელიეფური გამოსახულებები შექმნა. ფიროსმანი, რუსთაველი, გუდიაშვილი, პიკასო, ჩარლი ჩაპლინი შოთა მელივას ნამუშევრებში მთელი თავიანთი შემოქმედებით არიან წარმოდგენილნი. ეს არ არის პორტრეტები კლასიკური გაგებით, ეს არის პორტრეტები ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებებით, შტრიხებით, მათი შემოქმედების ძირითადი ასპექტებით. ამ ნამუშევრების ესკიზები წლების მანძილზე იქმნებოდა.
ყველასგან გამორჩეულია შოთა მელივას მიერ შემუშავებული ორიგინალური ტექნიკით შესრულებული მინის ქანდაკებები: "მოლოდინი", "ევროპის მოტაცება", "აბრეშუმის გზა".
შოთა და ნიკოლო მელივების გამოფენას ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი 17-დან 21 მაისამდე უმასპინძლებს. 10 რელიეფისა და 12 ქანდაკებისგან შემდგარი ექსპოზიციით მელივები დამთვალიერებელს მართლაც შთამბეჭდავ სანახაობას ჰპირდებიან.