დღეს, 15 მაისს 20.00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პიანისტის, პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს სახალხო არტისტის - თ.ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის საზეიმო გახსნა.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის I საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს სიმბოლურად მაესტროს მიერ აღზრდილი პიანისტები, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები გახსნიან. ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, მზია ჯაჯანიძე, ირმა გიგანი დაუვიწყარ საღამოს აჩუქებენ დამსწრე საზოგადოებას. შესრულდება შოპენის, ლისტის, ბრამსის, სკარლატის, კვერნაძის, რახმანინოვის ის ნაწარმოებები, რომლებიც დიდი მაესტროს თენგიზ ამირეჯიბის რეპერტუარში იყო.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლია თამარ ლიჩელი, ხოლო ორგანიზატორი მანანა ფაცურია.
თ.ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.