19 მაისს, 19 საათზე პარიზში, მონმარტის სენ პიერის ეკლესიის საგამოფენო დარბაზში გაიმართება პაატა ქურდაძის ახალი წიგნის "ანტოდოტის" და გელა პატიაშვილის "პოლკოვნიკის 40 დღე" პრეზენტაცია.
საღამო ტარდება მონმარტზე ქართული კულტურის კვირეულის ჩარჩოში, რომელიც წელს, 18-26 მაისს მეორედ იმართება. ორგანიზატორია ქართული კულტურის ასციაცია "ლაზი" - პარიზის მერიის დახმარებით. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პაატა ქურდაძემ განუცხადა, წიგნი გამოცემულია გამომცემლობა Moulin de P- ს მიერ.
"ეს არის ჩემი გამომცემლობა, რომელსაც სულ რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული, ძირითადად ჩემივე და გელა პატიაშვილის. გამომცემლობა იდეაში თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამოსაცემად გავაკეთე . სახელი ნიშნავს პ-ს ანუ პაატას წისქვილს", - განაცხადა ქურდაძემ და დასძინა, რომ - "ამ ტექსტების გამოცემის იდეა სულ რაღაც ოცი დღის წინ გაჩნდა და ამაში დამეხმარა პარიზში ქართული კულტურის ცენტრი "ლაზი" და მეგობრები".
მისივე თქმით, ახალ წიგნში შესული სამი ესეს მიზანია დაამტკიცოს კულტურისა და განათლების მნიშვნელობა საქართველოში.
"ამ წიგნში შევიდა ჩემი სამი ესე, რომელთა ძალიან შემოკლებული ვარიანტები გამოქვეყნებულია "ცხელ შოკოლადში". სამივე ესეს ძირითადი მიზანია დაამტკიცოს, რომ კულტურა და განათლება საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბევრი ის დარგი, რომელის ტრადიციულად ითვლება ქვეყნის სტრატეგიულ დარგებად", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ავტორმა.
ქურდაძის თმით, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა საქართველოში წიგნის წარდგენას, თუმცა ქართველ მკითხველს მისი შეძენა წიგნის მაღაზიებში შეძლებათ.
"საქართველოში არ ვიცი მოვახერხებ თუ არა ამ ეტაპზე ჩამოსვლას წიგნის წარსადგენათ. თუმცა ის გაიყიდება წიგნის მაღაზიებში ალბათ მაისის ბოლოდან", - აცხადებს ქურდაძე.
ამავე დღეს პაატა ქურდაძესთან ერთად თავის ბოლო წიგნს "პოლკოვნიკის 40 დღე" წარმოადგენს მხატვარი და მწერალი გელა პატიაშვილი.
ორივე წიგნი დაწერილი და გამოცემულია ქართულ ენაზე, ამიტომ დისკუსია ამ წიგნებისა და ზოგადად, თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ წარიმართება ქართულ ენაზე.