დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით, საქართველოში, აბორტის შედეგად, დღის განმავლობაში 300-ზე მეტი ჩვილი იღუპება. ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფონდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ ჩიბურდანიძემ გააკეთა. მისი თქმით, ფონდის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის თაოსნობით პატრიარქის სააღდგომო ქადაგების მეორე დღეს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას შეიმუშავებს და პარლამენტს მიმართავს.
"აბორტი არის მიუტევებელი ცოდვა და დანაშაული, ამიტომაც ჩვენი ფონდის პოზიციაა რომ ამ საკითხზე სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთობლივად იზრუნონ. საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 36 ათასი აბორტი კეთდება. არაოფიციალური მონაცემები კი ეს ციფრი 100ათასზე მეტს აღწევს. ფაქტობრივად ქვეყანაში აბორტის შედეგად დღეში 300-ზე მეტი ჩვილი იღუპება. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომისიის დასკვნა რომელიც პატრიარქის ინიციატივაზე მუშაობს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. კომისიაში არიან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე პირებიც", - აცხადებს ჩიბურდანიძე.