ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები მიცვალებულებს იხსენიებენ.
ეკლესია განმარტავს, რომ მოხსენიება ხდება არა იმიტომ, რომ "განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ მათ, "ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!"
თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა.
განშორების მწუხარება ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა.
6 მაისს, 08.00-19.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა გამოსასვლელიდან; "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის სასაფლაოს მიმართულებით; "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" სასაფლაოს მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩადან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით, შუამთის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან" - ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით.