თეა წულუკიანი მოსამართლეებს მოუწოდებს, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურები წარადგინონ და საარჩევნო კამპანია დაიწყონ. როგორც იუსტიციის მინისტრმა "მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა, მოსამართლეებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, ერთის მხრივ, მათი პროფესიული ცხოვრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მეორე მხრივ, - ხელი შეუწყონ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, რომელიც თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.
იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ მოსამართლეებთან არაგეგმურად გამართულ შეხვედრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი უნდა დაირაზმონ დემოკრატიული სასამართლო რეფორმის და არა მათი ხელმძღვანელის გარშემო.
თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრების არჩევა არადემოკრატიულად მოხდა. შესაბამისად, მათ უფლებამოსილება აუცილებლად შეუჩერდებათ და საბჭოს წევრებს ახალი წესით აირჩევენ, რომელიც ვენეციის კომისიამ, ასევე, სამართლის საერთაშორისო ექსპერტებმა, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თავად კონსტანტინე კუბლაშვილმაც დემოკრატიულად მიიჩნიეს.
ახალი წესით არჩევის პროცესში მონაწილეობა მოქმედ წევრებსაც ხელახლა შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები