28 აპრილს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ახალგაზრდა მხატვრის, ქრისტინე რობაქიძის, პერსონალური გამოფენა.
წარმოდგენილი ორმოცდაათამდე ნამუშევარი ორ სერიად დაიყოფა: „წყვილები" და „ანგელოზები".
"წყვილების" სერია ქალსა და მამაკაცზეა, ერთი მთლიანობის ორ ნახევარზე, რომლებიც მუდმივად ერთმანეთის ძიებაშია. „ანგელოზების" სერია კი შთაგონებულია ვიმ ვენდერსის ფილმით „ცა ბერლინის თავზე". ქრისტინეს ანგელოზები არა მიუწვდომელ, შორეულ უსხეულო არსებებს, არამედ ადამიანის პირველსახეს წარმოადგენენ. ამ სერიის შთაგონებად ჰენრი მილერის ერთ-ერთი ინტერვიუც იქცა:
„დიახ, მე არ მჯერა ევოლუციის. მე დევოლუციის მჯერა. არ მჯერა, რომ მატლებისგან, ან წყლის არსებებისგან ვიშვით. რაღაც პერიოდი ალბათ ღმერთები ვიყავით, ჩვენ, ყველანი. ახლა მხოლოდ ადამიანები ვართ - ქალებისა და კაცების მოკვდავი საზოგადოება. მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც წმინდანები იყვნენ, იმის მიუხედავად, რომ არცერთ რელიგიას არ ეკუთვნოდნენ და მინახავს ნამდვილი დემონებიც, ხორცშესხმული ეშმაკები, გესმით? ისინი ყველანი დედამიწაზე ცხოვრობენ."
ქრისტინე რობაქიძე შერეული ტექნიკით მუშაობს. მისი ნამუშევრები შესრულებულია როგორც ტილოზე ზეთის საღებავებით, ასევე გუდრონით და ფოტოქაღალდზე ნაკაწრის ტექნიკაში.
გამოფენა ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია და მის მიზანს ქუთაისში მხცოვრები ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.