რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილ 300 ოჯახს გორის გარეუბანში სახლები გადაეცა.
დევნილთათვის სახლების გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად დაესწრო.
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. ათობით ათასია დარჩენილი მუდმივი სახლ-კარის გარეშე. როცა ვლაპარაკობ, რომ მათ მუდმივი სახლ-კარი უნდა ჰქონდეთ, ვგულისხმობთ მათ დაბრუნებას იქ, საიდანაც გამოაძევეს. მათი მუდმივი სახლ-კარი არის აფხაზეთში და ქართლში. ეს სახლებიც თქვენი საკუთრებაა და ამ სახლებს ბევრად მეტი ფასი დაედებათ, რაც მეტი დრო გავა", - მიმართა პრეზიდენტმა დევნილებს.
ამასთან, მისივე შეფასებით, ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობისთვის არც ერთ სახელმწიფოს აუშენებია "ისეთი სახლები, როგორებიც საქართველოს ხელისუფლებამ ააშენა".
"ომის შემდეგ ვთქვი, რომ კარვებში არავინ არ გამოიზამთრებდა და ყველა იყო თბილად. ვთქვი, რომ წეროვანის დასახლებაში ხალხს ექნებოდა სამუშაო და რამდენიმე საწარმო გავხსენით, მათ შორის ავაშენეთ სკოლა. ახლა ჩვენი სურვილია, შევქმნათ ბავშვებითვის პერსპექტივა, ვასწავლოთ მათ უცხო ენა, მათ შორის გერმანული ენა", - განაცხადა სააკაშვილმა.
დევნილთა კოტეჯების მშენებლობა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კრიზისების პრევენციისა და კონფლიქტების დაძლევის ფონდიდან, 8 მილიონი ევროთი დაფინანსდა. დევნილებისთვის სახლების გადაცემის ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩი პატრისია ფლორი და ქვეყნის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც ესრებოდნენ.