ბოსტონის მარათონის დროს გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რადიომართვადი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. ეს ინფორმაცია სააგენტოს გამოძიებასთან დაახლოვებულმა პირმა აცნობა. გამომძიებლებმა, აფეთქების ადგილას, დისტანციური მართვის პულტი აღმოაჩინეს.
ვარაუდობენ, რომ ბომბები, შესაძლოა, მობილური ტელეფონით იმართებოდა. ისიც ირკვევა, რომ ჯოხარ ცარნაევს, აფეთქების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხელში ტელეფონი ეკავა.
აშშ-ში ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ იდგა ძმები ცარნაევების უკან. „ასოშეითედ პრესის" წყაროს ინფორმაციითვე, უმცროსი ცარნაევი დაკავებისას შეიარაღებული არ იყო. მცირე ხნით ადრე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯოხარმა სროლა მოაწყო.
ამასთანავე, ამერიკელი გამომძიებლების ჯგუფი დაღესტანში გაემგზავრა, რათა ძმებ ცარნაევების მშობლებს გაესაუბროს და შეეცადონ უფრო მეტი გაიგონ მათი მოტივების შესახებ. მამა, ანზორ ცარნაევი კი, თავის მხრივ, აშშ-ში გაფრენას აპირებს, რათა უფროსი შვილის ცხედარი რუსეთში გადაასვენოს.
როგორც ცნობილია, ბოსტონის მარათონის ფინიშთან მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად, 15 აპრილს სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 180 დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები