საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განცხადება გაავრცელა 19 აპრილს, თბილისიდან დაღესტნელი მოჯაჰედის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მოჯაჰედის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მისი მეუღლე ქალიმან ბაგდანი ვარაუდობს, რომ მაგამედოვი შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის მიზნით. რუსეთის შს სამინისტრო მაგამედ მაგამედოვს ერთ წელზე მეტია რაც ეძებს.
„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2013 წლის 19 აპრილს, თბილისში, გაუჩინარდა დაღესტნელი მოჯაჰედი მაგამედ მაგამედოვი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე მაგამედ მაგამედოვის მეგობრებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. კერძოდ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი პერმანენტულად მიადევნებს თვალყურს მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების მიმდინარეობას.
ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
საქართველოს შს სამინისტროში მაგამედ მაგამედოვის დაკავებას არ ადასტურებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მაგამედოვის ახლობლებმა მისი გაუჩინარების შემდეგ გლდანი ნაძალადევის პოლიციას მიმართეს და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
მაგამედ მაგამედოვმა 2013 წლის იანვარში საქართველოს მთავრობას ლტოლვილის სტატუსის მიღების თხოვნით მიმართა. მაგამედოვი აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა განსხვავებული რელიგიური მრწამსის და შეხედულებების გამო, რის გამოც დაღესტანში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მაგამედოვი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა ლტოლვილი სტატუსი არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, 2012 წლის 14 დეკემბერს გაუჩინარდა კიდევ ერთი მოჯაჰედი, 26 წლის მიქაელ ქადოევი. გადამოწმებული ინფორმაციით, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ის ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. დაკავებული გზიდან დაიკარგა. მისი ადგილსამყოფელი მეგობრებისთვის დღემდე უცნობია. შსს მის დაკავებასაც უარყოფს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ მაგამედოვი რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. „თუ ადამიანი განაცხადებდა თავის ვინაობას, საქართველო ამ ინფორმაციას ყიდდა რუსეთის სპეცსამსახურებზე, რაც არის ადამიანებით ვაჭრობა. ახლა ვის დონეზე ხდება ეს, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს თუ სურთ პირის აყვანა, სწორედ მაშინ ხდება ხოლმე გაუჩინარების ასეთი ფაქტები. გამორიცხული არ არის, რომ მაგამედოვის შემთხვევაშიც ასე იყოს საქმე. საქართველოში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა", - აცხადებს ლია მუხაშავრია.