წმინდა სინოდმა ეპარქიებში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.
"გაკეთდა მოხსენებები და აღნიშნა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს მრავალი პრობლემა, მოსაგვარებელი საკითხი. ჩვენ უნდა გავძლიეროთ ეკლესია ადგილებზე, ეპარქიებში ჩვენი საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო, კულტურული, სულიერი, ასევე სოციალური მიმართულებით", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე ასევე განიხილეს ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესის დავითის თხოვნას, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლა ითხოვა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომამ ამ საკითხზე იმსჯელა და თხოვნა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და გადაწყდა, რომ ბოდბის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნოს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი.
სინოდის გადაწყვეტილებით, გარდაბნის ეპარქია, რომელსაც მანამდე მეუფე იაკობი მართავდა, შეუერთდება მცხეთა-თბილისი ეპარქიას.