საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა
სტამბულში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნები გადასცა. როგორც
ცნობილია, ბიბლიოთეკის შევსებაში მონაწილეობის მიღება თითოეულ ადამიანს შეუძლია.
მსურველებმა ქართულენოვანი წიგნები უნდა მიიტანონ საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და ეს წიგნები სტამბულში ახლად დაარსებულ
ქართულ ბიბლიოთეკას გაეგზავნება.
თეოლოგიის კათედრაზე მანგლისისა
და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტთან, საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენის
დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან, მეუფე ანანიასთან
შეხვედრა გაიმართა. მეუფე სტამბულში თურქეთში მცხოვრები ქართველების მიერ
დაფუძნებული "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრამ მოგვიანებით სტუ-ის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ
თურქეთის რესპუბლიკაში უამრავი ქართველი ცხოვრობს. მათმა დიდმა ნაწილმა კარგად არ
იცის, სრულყოფილად ვერ ფლობს ქართულ ენას. პროექტის ფარგლებში, თურქეთის
რესპუბლიკა თავის მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ქართული ისწავლონ,
ქართულ ენას შეასწავლის. პროგრამა, რომელიც თურქეთის მხრიდან იქნება
დაფინანსებული, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში,
შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან მიიწვიონ ქართული ენის
სპეციალისტები.
მეუფე ანანიამ აღნიშნა, რომ
თურქეთი მცხოვრები ქართველები ჩვენი სისხლი და ხორცია, ერთი სისხლი ვართ, ამიტომ
აუცილებელია ზრუნვა იმაზე, რომ მათ მშობლიური ენა არ დაკარგონ.
აღინიშნა, რომ სასურველია,
თურქეთში ჩამოყალიბდეს ქართულენოვანი ტელერადიომაუწყებლობა, შესაძლოა
ინტერნეტტელევიზია, რაც ქართული ენის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
სტუ-ის
რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სთხოვა თურქეთის ქართული დიასპორის
წარმომადგენლებს, რომ დაეხმარონ წიგნების
ბიბლიოთეკისთვის გადაცემაში. როგორც რექტორმა აღნიშნა, წამოწყებული პროექტი მეტად
მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქართული ენის გავრცელებას საზღვარგარეთ
მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში. მობლიური ენის პოპულარიზაციის მაგალითად მან
სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის, ვაჟა პაპასკირის საქმიანობაც დაასახელა
და აღნიშნა, რომ ვაჟა პაპასკირს მოუხდა თურქული ენის შესწავლა იმისთვის, რათა თურქეთში
მცხოვრები ქართველებისთვის (და ასევე თურქებისთვის) ქართული ესწავლებინა.
თურქეთის ქართული დიასპორის
წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაწყებულია საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების
შექმნის პროექტი. ავსტრიაში ასეთი ბიბლიოთეკა უკვე შეიქმნა და სავარაუდოდ, საქართველოშიც
სულ მალე ჩამოყალიბდება.
შეგახსენებთ, რომ სტუ-სა და "საქართველოს
მეგობრობის ასოციაციას" შორის აღნიშნული კუთხით თანამშრომლობას საფუძველი ერთი
წლის წინ ჩაეყარა: 2012 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და თურქეთის ქვეყნებს შორის
კულტურული, საზოგადოებრივი და მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში
გაწეული დიდი ღვაწლის აღსანიშნავად, "საქართველოს მეგობრობის ასოციაციის"
თავმჯდომარე, ქალაქ სტამბულის მერის მოადგილე ალი რიზა ალთუნელი-დარბაზიშვილი
საპატიო დოქტორის დიპლომით დაჯილდოვდა. "საქართველოსმეგობრობის ასოციაციის"
თავმჯდომარეს ჯილდო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ
ფრანგიშვილმა გადასცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის
სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და ინტერნეტჟურნალ "ამბიონის"
ორგანიზებით, გაიმართა მხარდამჭერი ღონისძიება, რომელიც სტამბულში ქართული
ბიბლიოთეკის დაარსებას მიეძღვნა. ეს ისტორიული მოვლენა "საქართველოსთან
მეგობრობის ასოციაციისა" (თავმჯდომარე - ალი რიზა ალთუნელი) და
"თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის" (თავმჯდომარე ოთარ ნადირაძე)
ინიციატივითა და უშუალო ხელძღვანელობით განხოციელდა. ღონისძიების ფარგლებში,
მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. ამასთან,
"საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის და თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის"
ორგანიზებით გამოიცა წიგნი „ქართველები და საქართველო", სადაც შესულია მსოფლიოში
ყველაზე დიდ და საიმედო „ოსმლეთის არქივში", ქრონოლოგიის ზედმიწევნითი შესწავლით
დაცულ დოკუმენტებში არსებული წყაროები. 2012 წლის 26 მაისს ხელოვნების სასახლეში
ამ წიგნისა და იმავე სახელწოდების გამოფენის პრეზენტაცია გაიმართა (კარგარეთელის
ქ. N 6).
საზოგადოება
"საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია" დაარსდა 2005 წელს ქ. სტამბოლში,
ფატიჰის რაიონში. საზოგადოებასთან მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები.