დღეს,22 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო "Holiday Inn"-ში, საქართველოს არბიტრთა ასოციაციას პრეზენტაცია გაიმართება.
ასოციაციის ძირითადი მიზნებია არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული განხილვის ეფექტური მექანიზმის განვითარება საქართველოში და საქართველოში არბიტრთა თვითრეგულირების მექანიზმების ჩამოყალიბება.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში დავების ალტერნატიული განხილვის მექანიზმების განვითარებაში და თავის წვლილს შეიტანს სასამართლო რეფორმის წარმატებით გაგრძელებაში.
პრეზენტაციას გახსნის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები