დღეს, 22 აპრილს, ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის დაბადებიდან 85 წელი სრულდება.
ელგუჯა ამაშუკელი 1928 წლის 22 აპრილს თბილისში დაიბადა.
ელგუჯა ამაშუკელი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი. საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.
1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. ამაშუკელი, რომლის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია. მის ნამუშევრებს ახასიათებს შინაგანი დინამიზმი, ზოგ შემთხვევაში მკვეთრი ექსპრესია. ხშირად მიმართავს სიმბოლოებსა და ალეგორიებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქართლის დედა", ვახტანგ გორგასლის ძეგლი, დიდების მონუმენტი, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის" პორტალის რელიეფი, რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან, ბარელიეფი „თბილისის 1500 წელი", ქანდაკება „რევოლუცია", რ. ერისთავის, ნ. ფიროსმანაშვილის ძეგლები.
ამაშუკელი 2002 წლის მარტში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.