23 აპრილს, 15:00 საათზე, მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის - უილიამ შექსპირის (1564-1616) დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში მოეწყობა ამერიკელი რეჟისორისა და დრამატურგის - რობერტ ვილსონის „სონეტების" სრული ვერსიის ჩვენება. წარმოდგენა აგებულია შექსპირის სონეტებზე. მუსიკის ავტორია რუფუს ვეინვრაითსი („ბერლინერ ანსამბლი", 2009).
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრიდან აცნობეს, ერთდღიანი პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივითა და რუსთაველის თეატრის მხარდაჭერით.
ჩვენება დაიწყება ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ლევან ხეთაგურის შესავალი სიტყვით.