საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით „გლობალური უსაფრთხოების" ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
„გლობალური უსაფრთხოების" ფორუმს სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები, მათ შორის ესტონეთის პრეზიდენტი, ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე მოლდოვის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის საკითხზე გამართულ სესიაზე, რომელშიც, ასევე, მონაწილეობდნენ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იური ლეანკა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასი. დისკუსიის მონაწილეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში ჩართულ ქვეყნებში მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს და ფორუმის სტუმრების კითხვებს უპასუხეს. ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული შედეგები და ხაზი გაუსვა 2013 წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტზე ევროპული პერსპექტივის გამოცხადების მნიშვნელობას. „გლობალური უსახრთხოების ფორუმი არის სახელოვანი ექსპერტებისა და ძალიან მაღალი თანამდებობის პირების შეკრების ადგილი. ეს ადამიანები აყალიბებენ შემდგომში თავის პოზიციას და ფაქტიურად განსაზღვრავენ თავისი სახელმწიფოების პოზიციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, რომ საქართველოს ხალხმა გააკეთა არჩევანი ევროპისა და ნატო-ს სასარგებლოდ"-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შეფკოვიჩთან, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ იური ლეანკასთან, ასევე, ბოსნია-ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ტრისიჩ-ბაბიჩთან და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრ მილისა პეჟანოვიჩ-დურისიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოთქვეს სურვილი განისაზღვროს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სფეროები.
„გლობალური უსაფრთხოების" ფორუმი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური კონფერენციაა, სადაც საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხები განიხილება და მასში ამერიკისა და ევროპის ქვეყნების 500-მდე მაღალი დონის წამომადგენელი მონაწილეობს. ფორუმს ბრატისლავა 2007 წლიდან მასპინძლობს.