აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ.
დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს. მათთან ერთად იმყოფებიან „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის" დირექტორი ჯემალ დუმბაძე, სამედიცინო ასოციაცია „თანას" გამგეობის თავმჯდომარე ნანა საყვარელიძე და ამავე ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი თამარ მიქელაძე.
ქართული მხარე შეხვედრებს გამართავს თურქეთის „ბეიაზაის" (თეთრი მთვარის) ასოციაციის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ შეზღუდული შესაძლებლეობების მქონე პირთა რეაბილიტაციის ცენტრებს, გაეცნობიან უნარშეზღუდულთათვის კანონით დაწესებულ შეღავათებს და დასაქმების საკითხებს. ასევე დაგემილია შეხვედრა სტამბოლის მერთან.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ გამოცდილების გაზიარებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების თაობაზე.
მხარეებს შორის თანამშრომლობა 2013 წლის იანვარში, ბათუმში გამართული კონფერენციის ფარგლებში დაიწყო. თურქული მხარის ხელშეწყობით იგეგმება მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი, ამავე შენობაში განთავსდება მარტოხელა დედების თავშესაფარი.