უცხოეთში წასვლის მსურველებს 20-21 აპრილს ქუთაისის იუსტიციის სახლში, სპეციალიზირებული ტრენინგი ჩაუტარდება.
საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის მსურველი, წინასწარ შერჩული პოტენციური მიგრანტების ჯგუფისთვის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით განსაზღვრულ სემინარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრი".
ღონისძიების მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მიგრანტთათვის დანიშნულების ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალი, ამ ქვეყნების სამუშაო ბაზარზე არსებული შეზღუდვები უცხოელებისთვის, საიმიგრაციო შეზღუდვები, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ბიუროკრატიული ბარიერები, ლეგალური მიგრაცია, უცხოეთში წასვლის მსურველთათვის მიგრაციის ლეგალური გზების გაცნობა/საჭირო დოკუმენტაცია, არალეგალური მიგრაცია/ტრეფიკინგი, შრომითი მიგრაცია და სასწავლო პროგრამები.
გარდა ამისა, ამავე ტრენინგზე ისაუბრებენ დეპორტაციაზე, საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანით ვაჭრობაზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დიასპორებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობის პრობლემაზე, სამუშაოს მოძიების დროს წარმოქმნილ ბარიერებზე, უცხოელებთან კომუნიკაციის სირთულეზე და ენის არცოდნის პრობლემაზე, ნოსტალგიური და ფსიქოლოგიური განწყობების დაძლევაზე, საქართველოში დაბრუნების საკითხებზე და სხვა თემებზე.
ანალოგიური ტრენინგი უცხოეთში წასვლის მსურველებს 13-14 აპრილს, რუსთავის იუსტიციის სახლშიც ჩაუტარდათ.