საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლას ესტუმრა და საქართველოს ისტორიის გაკვეთილს დაესწრო. ახალქალაქის ქართულ სკოლაში მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებსაც გაესაუბრა და ყურადღება უახლესი ისტორიის დეტალებზე გაამახვილა. პრეზიდენტმა ისტორიულ ფაქტებთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარალელებიც გაავლო. პედაგოგებთან საუბრისას იგი საქართველოს ისტორიის სწავლების მნიშვნელობის საკითხსაც შეეხო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჭინჭარაული კი მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის სასწავლებელ- პანსიონატს ესტუმრა, რომელიც ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ძალისხმევით შეიქმნა. მიხეილ სააკაშვილმა სასწავლებელი დაათვალიერა, აქ დამზადებულ ნიმუშებს გაეცნო და ადგილზე გადაღებულ რამდენიმე ფილმსაც უყურა. ქვეყნის პირველ პირს ბავშვებმა მათივე ხელნაკეთი თექის ნიმუში უსახსოვრეს. სასწავლებელში სხვადასხვა პროფილის პროფესიულ უნარჩვევებს ასწავლიან, მათ შორის, ხელსაქმეს, კინომონტაჟს, გადაღებას და სხვა.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში სურთხაჩის სომხურ ეკლესიაში მივიდა და წირვას დაესწრო. საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტი რეგიონის განვითარების საკითხს შეეხო და, ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობას დაუთმო. მიხეილ სააკაშვილმა ქართველი და სომეხი ხალხის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.