ჯგუფი "შინ" და "ბრავო რექორდსი" ერთობლივ პროექტზე "არაჩვეულებრივი გამოფენა" მუშაობას იწყებენ. 14 წლიანი გერმანიაში მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფი "შინ" უბრუნდება სამშობლოს, სადაც ქართველ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს, რომელსაც "ბრავო რექორდსთან" ერთად CD ალბომის სახით გამოსცემს და ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნის.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქ.რიგის კონგრესჰოლში ჯგუფი "შინ" ახალი პროექტით წარსდგა მსმენელის წინაშე. ლატვიური პროექტის კონცეფცია აგებულია იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე ზოგადად მუსიკის მიმართ.
პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიც "შინის" წევრებმა ლიეპაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ლატვიელ მსმენელს.
ჯგუფი "შინ"-ის ახალ ალბომში შევა 12 მუსიკალური ნაწარმოები.
CD ალბომის პრეზენტაცია 26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯგუფის "შინ" კონცერტზე გაიმართება. კონცერტის რეჟისორია დავით დოიაშვილი.
ლატვიური პროექტისგან განსხვავებით ჯგუფ "შინ"-ის ახალ პროექტზე იმუშავებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი. ასევე პროექტისთვის მოწვეული იქნებიან უცხოელი მუსიკოსები: ხორხე პარდო- ესპანელი ფლეიტისტი, რომელიც პაკო დე ლუსიასთან და ჩიკ კორეასთან ერთად არაერთ პროექტზე მუშაობდა; ილიას მირზაევი- თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კპომპოზიტორი, რომელსაც ასევე ეკუთვნის ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება; ნორმუნდ შნე- ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი, რომელიც რამოდენიმე პროექტზე ჯოზეფ ზავინულთან მუშაობდა.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა მომავალში ჯგუფი "შინ" გახდეს "ბრავო რექორდსის" Signed მუსიკალური ჯგუფი, რაც ნიშნავს ჯგუფის შემდგომ გრძელვადიანი მუსიკალური კარიერის მენეჯმენტს განახორციელებას მუსიკალური ბიზნეს კომპანია "ბრავო რექორდსი".
პროექტის მხარდამჭერები: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მუსიკალური ბიზნეს კომპანია "ბრავო რექორდსი".