18 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. მხატვარი 18 წელია საფრანგეთში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი შემოქმედია ევროპაში. ამას მოწმობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრესტიჟულ გალერეებში გამართული მისი პერსონალური გამოფენები. საქართველოში კი ეს მისი პირველი გამოფენაა.
ლევან მოსიაშვილი 1971 წლის 30 აგვისტოს თბილისში დაიბადა. პირველი სერიოზული ნამუშევარი 1993 წელს დახატა. უკვე ოცი წელია მხატვრობა მისი ერთადერთი პროფესიაა. ხელოვნების ამ დარგში აკადემიური განათლება არასოდეს მიუღია. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ მისი ნამუშევრები ფიროსმანის, შაგალის, მატისის, პინეს ნახატებისთვის შეედარებინათ. მხატვრის შემოქმედებითი ძიების პროცესში ოთხი სრულიად განსხვავებული ეტაპი გამოიკვეთა.
პირველი შთაგონების წყარო მშობლიური კახეთი იყო. კახელი გლეხების ყოფა-ცხოვრება ამ პერიოდის ნახატების ძირითადი თემატიკაა. მეორე ეტაპი მთლიანად თბილისს მიეძღვნა. მისი თბილისი არავისას ჰგავს არც სიუჟეტით და არც შესრულების ტექნიკით. "თბილისებით" მხატვარმა ისტორიული თანაცხოვრება და მჭიდრო ურთიერთობები გამოხატა, რაც წლების წინ ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო. მხატვრის შემოქმედების ეს პერიოდი იმ ურთიერთობებთან ერთად დასრულდა. მცირე ხნით "მოზაიკამაც" გაიტაცა. ევროპამ მოსიაშვილის ფერები და სტილი მთლიანად შეცვალა. თავდაპირველად მის შემოქმედებაში იყო კუბისტური პერიოდი. ბოლო ორი წელია "ფილოსოფიური აბსტრაქციით" არის გატაცებული.
გარდა საფრანგეთისა, ლევან მოსიაშვილს პერსონალური გამოფენები ჰქონდა საქართველოში (თელავში), რუსეთში (სანკტ-პეტერბურგში), ესტონეთში ( კუნძულ საარემაზე), სირიაში (დამასკოში, ალეპოში), 2006 წელს თურქეთის დედაქალაქში საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტის მიწვევით გამართული პერსონალური გამოფენა თურქეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა გახსნა. იმავე წელს ანკარაში მხატვრის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა, ამჯერად ავსტრიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
ლევან მოსიაშვილი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, იტალია, იაპონია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, თურქეთი, ბელგია, ინგლისი, ბრაზილია, ჩილე, შვედეთი, ნორვეგია, ჩინეთი ) კერძო კოლექციებში ინახება. მხატვრის ნახატები გამოფენილია პრაღის ნაციონალურ მუზეუმში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში (ვაშინგტონში), მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორატში, საფრანგეთის არაერთი ქალაქის მერიასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაში.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა 24 აპრილამდე გაგრძელდება.