17 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მისი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ფოცხო-ეწერში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ამჟამად ფოცხო-ეწერში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. როგორც შეხვედრაზე დევნილებმა აღნიშნეს, მათ მთავარ პრობლემას კვლავ დასაქმება წარმოადგენს; არ აქვთ ამბულატორია, აფთიაქი, გზა წვიმის შედეგად დაზიანებულია და საფრთხეს უქმნის მოსწავლეებს, რომლებიც მეზობელ სოფლებში დადიან სკოლაში; ტრანსპორტი მხოლოდ კვირაში სამჯერ დადის ზუგდიდის მიმართულებით, თუმცა მათ უმეტესობას მგზავრობისთვის 5 ლარის გადახდის საშუალება არ აქვს. ასევე პრობლემურია საცხოვრებელი კორპუსების მდგომარეობა, ხოლო ნაწილი საჭიროებს დაუყოვნებლივ კაპიტალურ შეკეთებას.
სახალხო დამცველი რამდენიმე ოჯახს ესტუმრა, ოთახებში კედლები დაობებულია, დგას ნესტის სუნი. ბოლო სართულებზე ჩადის წყალი.
საქართველოს სახალხო დამცველმა გასულ წლებშიც არაერთი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფოცხო-ეწერში არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს თითოეული დევნილისა და მათი ოჯახების პრობლემების შესწავლას. იგი ასევე შეისწავლის იმ საკითხებს, რომლებიც მთელ დასახლებას აწუხებს და უახლოეს მომავალში შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა დროულად მოგვარდეს დევნილთა პრობლემები და მათ ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ ღირსეულ პირობებში და დაცული იყოს მათი ჯანდაცვის, გადადგილებისა და სოციალური უფლებები.
მასალის გამოყენების პირობები