17 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა და გაესაუბრა პატიმრებსა და დაწესებულების ადმინისტრაციას.
სახალხო დამცველის განცხადებით დაწესებულებაში რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით. თუმცა, იქ არსებული საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედევად იმისა, რომ ამჟამად დაწესებულებაში მხოლოდ 156 პატიმარი იმყოფება, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დაუშვებელია ამ პირობებში მათი დატოვება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ახალი საპატიმროს მშენებლობა სამეგრელოს ტერიტორიაზე, რადგან ახალი საპატიმროს სხვა რეგიონში აშენება პრობლემებს შეუქმნის პატიმართა ოჯახის წევრებს.
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უახლოეს პერიოდში გადაჭრას ზუგდიდის #4 დაწესებულების პრობლემა, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს საშუალება ღირსეულ საყოფაცხოვრებო პირობებში მოიხადოს სასჯელი.
მასალის გამოყენების პირობები