ხვალ, 18 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა დელეგაცია ეწვევა.
დელეგაცია საქართველოში თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმყოფება და მის მიზანს მართლმსაჯულებაში არსებული აქტუალური საკითხების გაცნობა და განხილვა წარმოადგენს.
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ჩიჩუას განცხადებით, იუსტიციის სახლში გერმანელი მოსამართლეები იმ რეფორმების შედეგებს გაეცნობიან, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ერთ სივრცეში გაერთანებულიყო რამდენიმე ასეული მომსახურება და მომხმარებლისათვის 300-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება მინიმალურ დროში ყოფილიყო შესაძლებელი.
„მოსამართლეთა დელეგაცია გაეცნობა იუსტიციის სახლის კონცეფციას, რომლის იდეაც პირველად სწორედ საქართველოში გაჩნდა. იგი ქართული ნოვაციაა და არ არის გადმოღებული სხვა წამყვანი ქვეყნების წარმატებული გამოცდილებიდან. ამიტომაცაა, რომ ის შექმნის დღიდან სხვადასხვა ქვეყნების დიდ ინტერესს იწვევს. დელეგაცისთან ჩვენი შეხვედრის მიზანს სწორედ იმ ფაქტორებისა და გადადგმული ნაბიჯების გაცნობა წარმოადგენს, რომელმაც იუსტიციის სახლის იდეას წარმატება მოუტანა და საზოგადოებსათვის ყველაზე მეტი სერვისის მიმწოდებელ სტრუქტურად აქცია,"-აცხადებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კოალიციასთან დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის, ორგანიზაციასთან „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის", ასევე სტუმრობა მცხეთის რაიონულ სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გაკეთდება პრეზენტაციები და მოხსენებები სააპელაციო სასამართლოში.
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების რევისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის ლოდინის საშუალო დრო კი ორმოცდახუთი წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს. 2012 წელს, იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული ნომინაციაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა.