საავტომობილო ზეთების ბაზარზე დღეს არსებული ვითარება არადამაკმაყოფილებელია და ზეთის ფალსიფიკაციის პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.
როგორც დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე კომპანია "ვისოლის" შვილობილმა კომპანია "ვიანორის" აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ დაფქვიაშვილმა აღნიშნა, დღეს სხვადასხვა კომპანიებს აქვთ იმის საშუალება, რომ საქართველოში დაბალხარისხიანი პროდუქტი შემოიტანონ.
მისი თქმით, საქართველოს ავტოპარკი განახლებულია, აქედან გამომდინარე, ის დაბალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდეს იმ სტანდარტის მიხედვით, რაც ამჟამად არის, უკვე არ არის საჭირო.
"გამოსავალი არის, რომ დაინერგოს ახალი სტანდარტი, თუნდაც იგივე, რაც არის ევროპაში. არის ორი ძირითადი ინსტიტუტი - ამერიკული და ევროპული, რომლებიც ყველა საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელს ანიჭებენ სერტიფიცირებას და ამ სერტიფიცირების მიხედვით მოხდეს პროდუქტის იმპორტი", - განაცხადა დაფქვიაშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემაა ასევე ის, რომ მეორადი ზეთების გაყიდვა დანიშნულების მიხედვით უნდა მოხდეს და ის არ დაბრუნდეს ისევ პირველად ბაზარზე. ასევე, მოხდეს, აღნიშნული პროდუქტის ჩაბარება-გატანა, ან იმ ორგანიზაციებზე ჩაბარება, რომლებიც მას დაწვის მიზნით გამოიყენებენ.
როგორც "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, მათ აინტერესებთ, რომ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტი იყოს დაფასებული და არასწორ მოთამაშეს უპირატესი უფლება არ ჰქონდეს.
მისი თქმით, საქართველოში შემოსული 10 000 ტონა ზეთიდან დაახლოებით, 8 ათასი მეორადი ზეთი ხდება, რომელიც მომხმარებელს გამოცვლის შემთხვევაში, უკან არ მიაქვს.
ხორავას განცხადებით, უნდა აღიწეროს სად მიდის 8 000 ტონა მეორადი ზეთი. თუ ვინმე მას გაყიდვაში გაუშვებს ახალი ზეთის დამატებით, ეს დანაშაულია.
"ჯერ ერთი საზღვარზე კონტროლი უნდა მოხდეს, რომ საზღვარზე არ გადმოვიდეს უხარისხო ზეთი და შემდეგ კომპანიებმა დაიწყონ ხარისხის შესაბამისი კონტროლი. ჩვენს ობიექტებზე, ზეთის გამოცვლის შემთხვევაში მას ვიღებთ შემოსავალში, შემდეგ ხდება აღრიცხვა და ოფიციალურად ვყიდით სხვა ორგანიზაციაში", - განაცხადა ხორავამ.
მისივე განმარტებით, საქართველოში ზეთის მწარმოებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომ 100%-ვე პროცენტი სხვა ქვეყნებიდან შემოდის.
ხორავას თქმით, პირველ რიგში, საზღვარზე უნდა მოხდეს კონტროლი, რაც მაგალითად, ზეთზე აქციზური მარკის დაკვრით შეიძლება გამოიხატოს.
"მინდა ისეთი მეთოდოლოგია მოიფიქროს სახელმწიფომ, რომელიც დამნაშავედ მოაზროვნე ადამიანს ჩაუკეტავს გზას. პირველ რიგში საზღვარი უნდა ვაკონტროლოთ. შემდეგ, მეორადი ზეთი რაც რჩება ის გაკონტროლდეს. ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ეს", - განაცხადა ხორავამ.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საავტომობილო ზეთებზე საქართველოში სტანდარტი არ არის და სხვა ქვეყნიდან შემოსული ზეთის 30% არ იყიდება იმ ქვეყნის სახელით, საიდანაც შემოდის.
მათივე თქმით, სასურველია, მეორადი ზეთის გადამუშავებით მიღებულ ზეთს ჰქონდეს შესაბამისი მინიშნება, რომ მომხმარებელმა იცოდეს რას ყიდულობს.
დღევანდელ შეხვედრას ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სატრანსპორტო კომპანიის და "ვისოლ ჯგუფის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.