ხვალ, 22 თებერვალს, 13:00 საათზე "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ოფისში, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ოპოზიციას შორის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმზე ხელმომწერი სუბიექტები თანხმდებიან, რომ II არხი უზრუნველყოფს პარლამენტის პლენარული სხდომების და მნიშვნელოვანი საკომიტეტო განხილვების პირდაპირ ეთერში გაშუქებასა და ოპოზიციური პარტიებისთვის ყოველდღიურად დროის გამოყოფას პირდაპირი ეთერის რეჟიმში ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.
პარტიებს დაეთმობათ ერთსაათიანი ზოლი ("თავისუფალი ტრიბუნა"), რომელსაც გადაინაწილებენ თანმიმდევრობით. გადაცემა ეთერში გავა 22:00 - 23:00 საათამდე.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" პოლიტიკურ პარტიებს აძლევს სრულ თავისუფლებას, ერთმანეთში შეთანხმდენენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებს დაეთმობათ დრო ახალი პოლიტიკური არხის პირდაპირ ეთერში. პარტიებისათვის ღია ეთერში განკუთვნილი დროის რიგითობას საზოგადოებრივ მაუწყებელს აწვდის "ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი".
აღნიშნული სატელევიზიო დროით მხოლოდ ის პარტიები ისარგებლებენ, რომლებიც მემორანდუმს ხელს მოაწერენ. მიუხედავად ამისა, მეორე არხი ეთერს იმ ოპოზიციურ პარტიებსაც დაუთმობს, რომლებიც მემორანდუმის ფორმატში თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
მემორანდუმი ღიაა ხელმოწერისთვის 2010 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იგი ძალაშია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.