კანადელი პოპ-მომღერალი ჯასტინ ბიბერი ანა ფრანკის ხსოვნისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი" ავრცელებს. კრიტიკის მიზეზი გახდა ჩანაწერი, რომელიც ბიბერმა ამსტერდამში, ანე ფრანკის მუზეუმში დატოვა.
როგორც მუზეუმის ადმინისტრაცია საკუთარ „ფეისბუქის" გვერდზე იუწყება, 19 წლის მომღერალი ევროპაში გასტროლებზე იმყოფება და მან თავის მეგობრებთან და დაცვასთან ერთად ანა ფრანკის მუზეუმიც მოინახულა. ჯასტინ ბიბერმა მუზუმის შთაბეჭდილების წიგნში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „მიხიბლული ვარ აქ ყოფნით. ანა შესანიშნავი გოგონა იყო. იმედი მაქვს, ის ბელიბერი იქნებოდა" (ბელიბერი - ჯასტინ ბიბერის ფანი).
ბიბერის მიერ დატოვებული ჩანაწერის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში იუზერთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. ინტერნეტის მომხმარებლები მომღერალს უტვინობაში, უტაქტობასა და ჰოლოკოსტის ისტორიისადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.
თუმცა, ბიბერს დამცველებიც საკმაოდ გამოუჩნდა, საკუთარი ფანების სახით. მომღერლის თავყვანისმცემლები აცხადებენ, რომ ანა ფრანკს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, ის ჯასტინ ბიბერის შემოქმედებას აუცილებლად შეიყვარებდა. თავად ჯასტინ ბიბერს ამ ინციდენტთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები