დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. ყველაზე მეტად "მზის ქარს" დედამიწა დღეს ღამე 24:00 საათიდან კვირის 03:00 საათმდე იგრძნობს. მზის "დარტყმები" კვირას და შესაძლოა, ოპრშაბათსაც ნაკლები სიძლიერით გაგრძელდეს.
აფეთქება ხუთშაბათს, პრაქტიკულად, მზის ცენტრში იქნა დაფიქსირებული. როგორც კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრი აცხადებს, ასეთი აფეთქება მზეზე გასული წლის ნოემბრის მერე აღარ ყოფილა.
„ნასას" სპეციალისტების განცხადებით კი, ზამთრის განმავლობაში მზე მშვიდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არცერთი ახალი მაგნიტური ქარიშხალი არ დაფიქსირებულა. მზის აქტივობის პიკი გასული წლის დასასრულს იყო. ამჟამად, ახალმა აფეთქებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ჩრდილოეთის ნათება პოლარულ სარტყელში.
ძლიერმა მაგნიტურმა ქარიშხალმა, ასევე შესაძლოა, ზეგავლენა ტექნიკის მუშაობაზეც მოახდინოს. პირველ რიგში, ეს აისახება თანამგზავრებზე, ელექტრო და რადიომოწყობილობებზე და სანავიგაციო სისტემებზე.
მეტეოდამოკიდებული ადამიანები კი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს, კვირას დისკომფორტს იგრძნობენ. ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოერიდონ საწოლიდან სწრაფად ადგომას, რადგან ამან შესაძლოა თავბრუსხვევა და გულისწასვლა გამოიწვიოს. ამასთან, მაგნიტური ქარიშხლის დღეებში, რეკომენდებულია საკვებად ძირითადად ხილი და ბოსტნეული მივიღოთ.