ბიზნესმა დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს და სებ-ის პრეზიდენტს მოუსმინა. შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბიზნესასოციაციის ინიციატივით მოეწყო, კერძო სექტორმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას საკუთარი პრობლემები წამოჭრა. ბიზნესი და მთავრობის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ ბიზნესსა და მთავრობას შორის დიალოგი შედგა და ეს პროცესები სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. ასეთი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე საუბრობს სებ-ის პრეზიდენტიც. გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველო იმყოფება, დიალოგი მნიშვნელოვანია.
"დღეს ბიზნესასოციაციის წევრებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. მისასალმებელია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მრავალი წელია იმართება. ბიზნესთან კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკას ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ძალიან რთულ და მნიშვნელოვან პერიოდში თავისი ისტორიის. შეხვედრისას წამოჭრილი საკითხები იყო თითქმის ყველა მიმართულებით, მისასალმებელია ასეთი სახის შეხვედრების გაგრძელება"- განმარტავს გიორგი ქადაგიძე.
ბიზნესმენებთან შეხვედრისას ფინანსთა სამინისტრომ ბიზნეს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა ცვლილებები მალე საგადასახადო და საბაჟო კუთხით განხორციელდება. დაგეგმილია ასევე კანონმდებლობის დახვეწაც, რათა კანონი ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას აღარ იძლეოდეს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ბიზნესისგან იყო აბსოლიტური გახსნილობა. შეხვედრაზე ბიზნეს ჩვენ ჩვენი ხედვები გავაცანით და კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ისევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ბევრი პრობლემა აბსოლიტურად მოგვარებადია"- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა.
თავად ბიზნესი საგადასახადო კუთხით დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება და განმარტავს, რომ კარგია, რომ ქვეყანაში ბიზნესის წახალისება მოხდება.
"მოხარული ვართ, რომ ის საკითხები, რომელზედაც ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ვმუშაობდით, გაითვალისწინეს. არის სიახლეებიც, რომელსაც ასოციაცია საკუთარ კომიტეტებზე განიხილავს. მივესალმებით იმ სიახლეებს, რომელიც ბიზნესის განვითარებაზე და ბიზნესის წნეხის შემცირებაზეა ორიენტირებული"- აღნიშნა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.
"მნიშვნელოვანია დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან და ასევე სებ-ის პრეზიდენტთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრისას იყო მსჯელობა "შრომის კოდექსთან" მიმართებაში, იყო ასევე სხვადასხვა საკითხები. ამ შეხვედრაზე გავიგეთ იმ ცვლილებების შესახებაც, რასაც სამომავლოდ ფინანსთა სამინისტრო აპირებს. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანაზე, რაც გაამარტივებს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას და ბიზნესი უფრო კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ბუნებრივია, რომ ასეთი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და ასეთი დიალოგი ბიზნესსა და მთავრობას შორის მომავალშიც უნდა გაგრძელდეს"- განაცხადა შეხვედრის შემდეგ "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბიზნესასოციაციის წევრებს ყველაზე მეტი შეკითხვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ქონდათ. კვირიკაშვილის თქმით, ბიზენსთან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის საუბარი იყო "შრომის კოდექსზე" , რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის ზოგიერთ წინადადებას დაეთანხმა.
"ბიზნესთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. გულახდილად ვისაუბრეთ. ბიზნესმენები საკმაოდ გახსნილად საუბრობდნენ ყველა თემაზე. შრომის კოდექსი ძალიან მტკივნეულ საკითხად რჩება და ჩვენ ბიზნესს პირობა მივეცით, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება. საპარლამენტო კომიტეტებზე განხილვის დროსაც ჩვენ ამ განხილვებში ჩავერთვებით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბალანსი მაქსიმალურად გამოვასწოროთ, რათა არ მივიღოთ ბიზნესგარემოსათვის საზიანო კანონი. მინდა გითხრათ, რომ ბევრ მათ შენიშვნას ვეთანხმები. იყო საკითხებიც რაშიც არ დავეთანხმე"-განმარტა კვირიკაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების საკითხზე.
"ასევე განვიხილეთ შესრულებულ სამუშაოებზე ანაზღაურების საკითხი. რომელიც ჩვენს მიერ იქნება განხილული სპეციალური კომისიის ფარგლებში. ძალიან ბევრი სამუშაო სრულდებოდა, მოგეხსენებათ რა პრაქტიკაც იყო, სიტყვიერი დავალებებით, შემდეგ დააწევდნენ ხოლმე სამშენებლო ნებართვებს და კონტაქტებს. მოუწესრიგებელი იყო ეს სფერო. თუმცა ქვეკონტაქტორტები, რომლებმაც ეს სამუშაოები შეასრულეს, არ უნდა დაზარალდნენ და ეს ბიზნესები არ უნდა დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე"- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
"ჩემი აზრით ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია, რომ შედგა აქტიური საუბარი ბიზნესმენებს, სებ-ის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შორის. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დაგროვებულია ბიზნესში. საკმაოდ ბევრ საკითხზე შემოთავაზებებიც მივიღეთ, როგორც ფინანსთა მინისტრისგან ასევე ეკონომიკის მინისტრისგან. გვქონდა საუბარი "შრომის კოდექსზე" და იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან პრინციპულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ბიზნესასოციაცია აყენებს ეს არის მუდმივი კონტრაქტების თემა, როდესაც ბიზნესს არ ეძლევა საშუალება, რომ მოკლევადიანი, თუნდაც ერთ წლიანი კონტრაქტები დადოს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და პარლამენტმა სწორად დაინახოს, რა პრობლემები შეიძლება მოყვეს ამას. ჩვენ ასევე დავეთანხმეთ ბევრ ცვლილებას "შრომის კოდექსში". თუმც არის პრინციპული თემები, რომელიც მათ წინაშე დავაყენეთ და მივიღეთ დაპირება, რომ ისინი აღნიშნულ თემებზე ისევ იმსჯელებენ. იმედი გაქვს, რომ ამ საკითხებს მთავრობა გაგებით მოეკიდება"- აღნიშნა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.