შიმშილის და უკიდეურესად მძიმე ოჯახური პირობების გამო საავადმყოფოში მოთავსებული 2 წლის ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. პატარა თბილისში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპიდან გადმოიყვანეს, რის შემდეგაც შესაბამისი მკურნალობის კურსს გადის.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო და მთელი ორი წლის განმავლობაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არ ყოფილა. როგორც მედიცინის დოქტორი თინათინ კუტუბიძე აცხადებს, ბავშვს კლინიკაში შეყვანისთანავე შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა.
მისი თქმით, ბავშვს ჰიპოთროპიისთვის განკუთვნილი საკვები მისცეს.
"კლინიკაში ყოფნის პერიოდში მისი მდგომარეობა მნჳშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამჟამად, მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. სოციალური სამსახური ინფორმირებულია ამის შესახებ. აქტიურ მონაწილეობას იღებს ბავშვის მოვლაში და ვიმედოვნებთ, რომ კარგად იქნება", - განაცხადა კუტუბიძემ.
სოციალური მუშაკების თქმით, მშობლები შვილებს სათანადოდ ვერ უვლიდნენ და შიმშილთან ერთად, არაჰიგიენურ პირობებში აცხოვრებდნენ.
სოფელ ახკერპში მცხოვრები 9-შვილიანი ოჯახის შვიდი ბავშვი სოციალურმა აგენტებმა მიმღებ ოჯახებში გადაანაწილეს. დანარჩენი 2 კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ოჯახისთვის შვილების ჩამორთმევის მიზეზი უმძიმესი სოციალური პირობები გახდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებს არ აქვთ დაბადების მოწმობები და მშობლებმა ბავშვების ზუსტი ასაკი არ იციან.
ოჯახის ერთი შვილი, დაახლოებით 10 წლის მოზარდი, ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვს ზურგის არეში მძიმე დამწვრობა ჰქონდა და მედიკოსთა ინფორმაციით, კანის გადანერგვა დასჭირდა.