ხვალ, 11 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" და რამდენიმე ქალაქში მდებარე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენცია ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და თელავში „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაიმართება.
ღონისძიებაზე, რომელზეც რეგიონული და ცენტრალური მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან მიწვეულნი, რეგიონული პრობლემატიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია შედგება.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში, რომელიც საქართველოს 10 რეგიონის მასშტაბით ჩატარდა, სულ 1 405 რესპონდენტი გამოიკითხა.
კვლევის მიზანი რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი პრიორიტეტების მიხედვით რანჟირებაა. კვლევის მიზანს ასევე, თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება და სხვადასხვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის გამოვლენა წარმოადგენს.