კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ზედმეტად გადახდილმა თანხამ 602 300 ლარი შეადგინა.
კერძოდ, სამინისტროსა და შპს „ისთერნ პრომოუშენსს" შორის გაფორმებული 2011 წლის 22 მარტის N149 ხელშეკრულების (თანხით 1 264 700 ლარი, 750 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) მიხედვით, შპს „ისთერნ პრომოუშენსს" დაევალა 2011 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზება. შპს
„ისთერნ პრომოუშენსის" მიერ ქვე-კონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით სტინგის ჰონორარი შეადგენდა 300 000 აშშ დოლარს, ხოლო კრის ბოტის 90 000 აშშ დოლარს.
გარდა ამისა შპს „ისთერნ პრომოუშენსს" უნდა მოეხდინა 375 000 აშშ დოლარის ოდენობის 1 500 დასაჯდომი ბილეთის რეალიზაცია (ერთეულის ფასი 250 აშშ დოლარი). გაყიდული ბილეთებიდან 100 000 დოლარით დამატებით უნდა გაზრდილიყო სტინგისა და კრის ბოტის ჰონორარი (თითოეულს 50 000 აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი (275 000 აშშ დოლარი) უნდა გახარჯულიყო საქველმოქმედოდ.
თუმცა, სამინისტრომ „ისთერნ პრომოუშენსს" დაგეგმილი 1 500 ბილეთის ნაცვლად სარეალიზაციოდ გადასცა მხოლოდ 200 ცალი ფეხზე დასადგომი და 858 დასაჯდომი ბილეთი (სულ დამზადებული 2 610 ბილეთიდან). დანარჩენი 1552 ბილეთი სამინისტრომ გადასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რის შედეგადაც შემოსულმა თანხამ, ნაცვლად 375 000 აშშ დოლარისა, შეადგინა მხოლოდ 344 000 ლარი. აღნიშული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედოდ, ხოლო სტინგისა და კრის ბოტის დამატებითი ჰონორარები (100 000 აშშ დოლარი) ანაზღაურდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კონცერტის ბილეთების გადაცემამ გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 227 900 ლარის დამატებითი ხარჯის გაწევა (100 000 აშშ დოლარის დამატებითი ჰონორარები და დანარიცხები).
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამინისტროს მხრიდან ზედმეტად გადახდილ თანხებს ჰქონდა ადგილი ასევე 2011 წლის 31 დეკემბერს ხულიო იგლესიასის მონაწილეობით საახალწლო კონცერტის ორგანიზებისას, რომლისთვისაც სულ გადახდილი იქნა 4 134 300 ლარი. როგორც ანგარიშიდან ირკვევა სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ისთერნ პრომოუშენს"-თან, რომელსაც დაევალა ზემოთ ხსენებული ღონისძიების ორგანიზება. შპს „ისთერნ პრომოუშენს" საახალწლო კონცერტზე მონაწილეობის მიზნით გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი ამერიკელ არტისტ კაროლინ კემბელთან, თანხით 110 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 50 000 აშშ დოლარი - მონაწილეობისთვის, 50 000 აშშ დოლარი - დავალიანებისთვის, რომელიც ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული არ იყო, ხოლო 10 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა კრის ბოტის ტურნეს მიმართ ვალდებულების გამოსასყიდს. საბუღალტრო დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული დავალიანება სამინისტროს არ ერიცხებოდა. შედეგად სამინისტროს მხრიდან ზედმეტად გადახდილია 115 900 ლარი.