იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლის ანა ვერულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვს კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
ქობულეთიდან, მე-2 სკოლაში მოწამლული მოსწავლე თბილისში 7 აპრილს გადმოიყვანეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ექიმებმა მშობლების მოთხოვნით მიიღეს.
ტოქსიკოლოგიური განყოფილების ექიმები აღნიშნავენ, რომ ვერულიძეს მაღალი სიცხეები აღენიშნებოდა.
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის 25-მა მოსწავლემ ინტოქსიკაცია 4 აპრილს მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, სკოლის დერეფანში ერთ-ერთმა მოზარდმა თავდაცვითი გაზის ავზი გაასხურა, რასაც მისი სკოლელების ინტოქსიკაცია მოჰყვა.