13 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ანანიაშვილი და დენის მატვიენკო პ. ჩაიკოვსკის ბალეტს „გედების ტბას" წარმოადგენენ. საბალეტო სპექტაკლში მონაწილეობენ: ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი- დავით მუქერია.
მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები დენის მატვიენკოსა და ნინო ანანიაშვილის შემოქმედებითი ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო.
დენის მატვიენკო მონაწილეობდა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გალა-კონცერტში, პრიმა-ბალერინასთან და ვასილ ახმეტელთან ერთად მან იცეკვა პა დე ტრუა ა. ადანის ბალეტიდან „კორსარი". ამავე წლის ივლისში დ. მატვიენკო მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლში იაპონიაში, სადაც იცეკვა პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა" ნ. ანანიშვილთან ერთად. 2013 წლის მარტში დ. მატვიენკომ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი მიიწვია კიევში, სადაც ერთად შეასრულეს მთავარი პარტიები „ბაიადერაში".
წარმოდგენა ეძღვნება ნინო ანანიაშილის 50 წლის საიუბილეო თარიღს.
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.